
დეპუტატი რუსეთის ელჩს ”არაკორექტული” განცხადებების გამო აკრიტიკებს
საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ”არაკორექტული” უწოდა რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მზარდი გლობალიზაციის ფონზე ქართველ ერს გადაშენების საფრთხე ემუქრება.
ამის შესახებ ელჩმა გასულ კვირას ქართული კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველები, რუსებისგან განსხავებით, ”მომაკვდავი ერია”, რომელსაც ”გაქრობის” საფრთხე ემუქრება გლობალიზაციის პირობებში.
”ნებისმიერი დიპლომატისგან ამ ტიპის განცხადებები არის უაღრესად არაკორექტული, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც დღესაც ახორციელებს აგრესიას და რომელიც არის მორალური და იურიდიული შთამომავალი საბჭოთა კავშირისა, რომელმაც მართლაც ყველაფერი გააკეთა ქართველი ერის გადაშენებისათვის, საბედნიეროდ, წარუმატებლად,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ 24 სექტემბერს.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიაჩესლავ კოვალენკოს ამ განცხადებების გამო ახსნა-განმარტებას მოთხოვს.