
რუსი სამშვიდობოების მტკიცებით, შეიარაღებული ინციდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა
დსთ-ს სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგით დასტურდება, რომ 20 სექტემბერს აფხაზურ და ქართულ ძალებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, იუწყებიან ”რია ნოვოსტი” და ”ინტერფაქსი” კოლექტიური სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის სიტყვებზე დაყრდნობით.
”შეიარაღებული შეტაკება მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრიდან 700 მეტრში,”- აცხადებს სერგეი ჩაბანი.
მისი თქმით, კოორდინატები დაფიქსირებულია და ახლა მიმდინარეობს იმ მასალების ესქპერტიზა, რომლის მოპოვებაც შემთხვევის ადგილას მოხერხდა.
გაეროს დამკვირვებელთა მისიას ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით. მისიას მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით თბილისმა, სოხუმმა და მოსკოვმა მიმართეს.
ქართული მხარე ირწმუნება, რომ აფხაზურ მხარესთან შეტაკება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად იმ ადგილას მოხდა, სადაც დანარჩენი საქართველოს ზემო კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს შსს-ს განცხადებით, აფხაზი დივერსანტები სწორედ ამ გზის პარალიზების მიზნის დაესხნენ თავს ქართულ მხარეს, რის შედეგადაც ორი აფხაზი მერძოლი იქნა მოკლული, ორიც დაიჭრა და შვიდი მათგანი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულებს უკვე შეეფარდათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
თუმცა სოხუმი ამტკიცებს, რომ ქართული ძალები შეიჭრნენ ტყვარჩელის რაიონში და თავს დაესხნენ აფხაზ მესაზღვრეებს. ამ ვერსიას დაუჭირა მხარი რუსეთმაც.