
შსს ტყვედ ჩავარდნილი სეპარატისტი მებრძოლების სიას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა 20 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად დაკავებული აფხაზ დივერსანტთა სია. შვიდივე მათგანი სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან.
დაკავებულებს შორის არიან: როლანდ ჩაგავა, მუხამედინ კიჩოვი, სურენ დილენიანი, ირაკლი ხორავა, ზურაბ მურადიანი, ჯამბულ ოვანესიანი და კობა ჩერქეზია.
ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად ორი აფხაზი მებრძოლი, მათ შორის ერთი ჯგუფის მეთაური დაიღუპა და ორიც დაიჭრა.
იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 სექტემბერს ავრცელებს განცხადებას, სადაც კატეგორიულად გმობს ”არაპროვოცირებული თავდასხმის” ფაქტს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროს დაკვირვებელთა მისიასთან, რომელსაც ”ეთხოვა ამ ფაქტის სწრაფი შეფასება და ანგარიშის წარმოდგენა”.
თბილისი აცხადებს, რომ შეტაკება ზემო კოდორის ხეობაში მოხდა, მაშინ როცა სოხუმის თქმით, ქართული შეიარაღებული ჯგუფი ტყვარჩელის რაიონში შეიჭრა და აფხაზ მესაზღვრეებს დაესხა თავს.