
ახალი ამბები
თბილისს გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი სტუმრობს
დღეს საქართველოს სამდღიანი ვიზიტით გერმანელ ბიზნესმენთა 25-კაციანი დელეგაცია ეწვია. ვიზიტი, რომლის მიზანია ქართულ ფირმებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ”აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კავშირის” ორგანიზებულია.
დღესვე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ქართულ-გერმანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ გერმანელ ბიზნესმენებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები გააცნო.
”ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია რიგით მე-5 სავაჭრო პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ მალე უფრო მოწინავე ადგილს დაიკავებს”, – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას თამარ კოვზირიძემ.
გერმანელი ბიზნესმენები ასევე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს.