გაეროს კონტრ-ტერორიზმის კომიტეტის ჯგუფი საქართველოს სტუმრობს
გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრ-ტერორიზმის კომიტეტის ათკაციანი დელეგაცია 17-21 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეამოწმებენ, თუ როგორ ასრულებს საქართველო უშიშროების საბჭოს რეზოლუციას კონტრ-ტერორიზმის შესახებ.
2001 წელს მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს უარი თქვან ტერორისტული ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერის ნებისმიერ ფორმაზე; აღკვეთონ თავშესაფრის უზრუნველყოფა; ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოებთან გამოძიების, ასევე იმ პირთა გამოვლენის, დაპატიმრებისა და გასამართლების პროცესში, რომლებიც ამგვარ აქტებში მონაწილეობენ.
დელეგაციაში შედიან კომიტეტის დირექტორატის წევრები, ასევე ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კომიტეტის, ეუთოს, ინტერპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე გაეროს ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ჯგუფი ასევე შეაფასებს იმ დახმარების ფორმას, რომელიც შესაძლოა საქართველოს დასჭირდეს ანტი-ტერორისტული ღონისძიებების გატარებაში.
2007 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მოხსენებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველომ გააუმჯობესა საზღვრის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები.
”[საქართველომ] გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ დაეკეტა საზღვრები ფულის, იარაღისა და სხვა მასალების კონტრაბანდისტებისათვის, რასაც აბრკოლებდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე არსებული კორუფცია, ზოგადად რესურსების უკმარისობა და ობსტრუქციონიზმი საქართველოში არსებული სეპარატისტების მხრიდან,” – ნათქვამია მოხსენებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)