საქართველო ევროპას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაუკავშირდება
ქართულმა ინტერნეტ-პროვაიდერმა ”კავკაზუს ონლაინმა” და აშშ-ში განთავსებულმა Tyco Telecommunications-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ფოთსა და ბულგარეთის ქალაქ ვარნას შორის 1100-კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
სისტემა ინტერნეტის ქართულ ბაზარს წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით დასავლეთ ევროპის ბაზართან დააკავშირებს.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გამტარობა 1.3 ტერაბიტი იქნება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ინტერნეტის მიწოდების ხარისხს საქართველოში.
”ეს არის ყველაზე მაღალი გამტარიანობის მქონე თანამედროვე მაგისტრალი, რომლის მეშვეობითაც საქართველო რუსეთის და თურქეთის გვერდის ავლით ჩაერთვება ინტერნეტში… როცა ეს პროექტი დასრულდება და შავი ზღვის ფსკერზე კაბელი გაივლის, ჩვენ შეგვეძლება, ინტერნეტით არა მხოლოდ საქართველო, არამედ აზერბაიჯანი, სომხეთი და მთელი შუა აზია მოვამარაგოთ,” – განუცხადა ”კავკაზუს ონლაინის” აღმასრულებელმა დირექტორმა მამია სანადირაძემ გაზეთ ”24 საათს”.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში 75 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
სისტემის ექსპლოატაციაში გაშვება 2008 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)