ახალი ამბები

პროკურატურა წელს დანაშაულის კლების ტენდენციებზე საუბრობს

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ იქნა 29 687 დანაშაული, რაც 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (31104) შედარებით 4.6%-ით ნაკლებია, ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ.


კვლევის თანახმად, წელს შემცირდა მძიმე დანაშაულის ხვედრითი წილი 2006 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 17 283 მძიმე დანაშაულთან შედარებით და 6 478 შეადგინა.


იმავდროულად, წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა დანაშაულის გახსნის რაოდენობა, რომელმაც 10 157 შეადგინა.


პროკურატურის ინფორმაციით, წელს, 2006 წლის პირველ ნახევართან შედარებით, იკლო მკვლელობის (2.4%-ით), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (61.8%-ით), ქურდობის (27.9%-ით), ძარცვის (35.3%-ით), ყაჩაღობის(30.9%-ით), ხულიგნობის (28.8%-ით) შემთხვევებმა.


თუმცა თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის ფაქტები. კერძოდ, თუ 2006 წლის პირველ 6 თვეში  ნარკოტიკული დანაშაული რეგისტრირებულ იქნა 1190-ჯერ, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი გაზრდილია 3713-მდე.


კვლევის თანახმად, წელს 2303 ერთეულით მოიმატა და 9713 შეადგინა სხვადასხვა სახის აღკვეთის ღონისძიებამ, საიდანაც დაპატიმრებაზე 45% (2006 წ. – 55%), გირაოზე – 53% (2006 წ. – 37%), ხოლო  აღკვეთის სხვა ღონისძიებებზე 2% (2006 წ. – 8%) მოდის.


გარდა ამისა, 2007 წლის 6 თვეში სასამართლოში წარმართული 9925 საქმიდან, 6466 წარიმართა არსებითი განხილვით, ხოლო საპროცესო შეთანხმებით 3459 საქმე დასრულდა. 


”წინა წელთან შედარებით 11%-ით მოიმატა საპროცესო შეთანხმების გამოყენების შემთხვევებმა, რაც დადებით ტენდენციად უნდა განვიხილოთ,”- ნათქვამია პროკურატურის კვლევაში, რომელიც 11 სექტემბერს გამოქვეყნდა.

Back to top button