
საპარლამენტო კომიტეტებმა საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა დაიწყეს
დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2007 წლის ბიუჯეტის 430 მლნ ლარით ზრდის პროექტი განიხილა, საიდანაც ხარჯების დიდი ნაწილი – 315.8 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროსთვის არის გათვალისწინებული.
ცვლილებების შედეგად, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თავდაცვის დაფინანსება 1.270 მლრდ ლარს გადააჭარბებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 22%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ზე მეტს შეადგენს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვერა ძნელაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის ზრდის შედეგად გათვალისწინებულია ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა ხონში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მეორე იქნება 2005 წელს გახსნილი სენაკის ბაზის შემდეგ.
ამავე ინფორმაციით, ხონის ბაზაზე შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადა განთავსდება 3500-მდე სამხედროს შემადგენლობით.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ასევე იგეგმება გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე ე.წ სისხლის ბანკის შექმნა, რომლითაც ძნელაძის განცხადებით, ისარგებლებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.
გაზრდილი თანხების გადანაწილება ასევე იგეგმება საბრძოლო მასალების და კავშირგაბმულობის საშუალებების შესაძენად; საფრენი აპარატების, ტანკების და მცურავი საშუალებების მოდერნიზაციაზე; დასავლეთ საქართველოში მდებარე კოპიტნარის აეროპორტის შეკეთებასა და გორსა და თბილისში სამხედროთა ბინების მშენებლობაზე. ნაწილობრივ გაიზრდება ასევე რეზერვისტთა მომზადებისა და ერაყში განთავსებულ სამხედროთა დაფინანსებაც.
საბიუჯეტოს ცვლილებების ფარგლებში იზრდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 51 მლნ ლარით, საიდანაც 11.5 მლნ სასაზღვრო პოლიციას, ხოლო 125 ათასი ლარი საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა.
საპარლამენტო კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომავალი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, პლენარულ სხდომაზე მსჯელობა კი 14 სექტემბერს არის გათვალისწინებული. საბოლოოდ, ბიუჯეტს პარლამენტმა 25 სექტემბრამდე უნდა უყაროს კენჭი.