
სააკაშვილი გაეროს აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ კი გაეროს ”ამორალური და უბადრუკი” რეკომენდაციები და სანაცვლოდ ითხოვს მათგან გააზრებულ ქმედებებს, რაც ქვეყანას კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის მიღწევაში დაეხმარება.
სოფელ განმუხურში პატრიოტთა ბანაკში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უკმაყოფილოა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებით აფხაზეთის შესახებ.
ივლისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი ბან გი-მუნი მოუწოდებს თბილისს ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაიყვანოს.
”მე მინდა ვუთხრა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროკრატს. ჩვენ უბადრუკი და ამორალური რჩევები არ გვჭირდება და მეგობრული კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ თურმე ბანაკი უნდა გავწიოთ აფხაზეთის საზღვრების იქით,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ”ბანდიტებმა” აფხაზეთში ასიათასობით ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანი გამოაძევეს თავიანთი სახლებიდან 90-იანი წლების დასაწყისში. ”მოდით, ეს ბანდიტები გამოვაგდოთ იქიდან; ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ,” – დასძინა მან.
”ჩვენ ვითხოვთ არა ასეთი ტიპის რჩევებს, არა ასეთი ტიპის მეგობრულ კონსულტაციებს, ჩვენ ვითხოვთ ხმის ამაღლებას, ჩვენ ვითხოვთ ანგარიშს იმაზე, რა გააკეთა გაერომ და სხვა ორგანიზაციამ იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სრულიად უგუნური, არაადამიანური, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის შედეგები,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
”რა გაკეთდა იმისათვის, რომ შესრულდეს [გაეროს] ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხება დევნილთა დაბრუნებას გალში, პირველ რიგში, როგორც ყველგან წერენ – გალი აქვეა, გალი რა პრობლემაა – ჩვენ უნდა დავბრუნდეთ გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, სოხუმში,” – განაცხადა სააკაშვილმა.