ახალი ამბები

ბურჯანაძე უკმაყოფილოა მასთან კონსულტაციების გარეშე გატარებული საკადრო ცვლილებებით

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 სექტემბერს მწვავედ და ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ არ ყოფილა ჩართული კონსულტაციებში, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას უკავშირდებოდა.


პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მისთვის მიუღებელია, რადგან ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი ახალ თანამდებობაზე. 


”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ კანდიდატურის მიმართ, რომელიც დასახელებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არის უარყოფითი. არა იმიტომ, რომ პირადად ლექსო ალექსიშვილის მიმართ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, მე მასთან ვთანამშრომლობდი, როგორც ფინანსთა მინისტრთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბატონი ლექსო ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ის იქნება უფრო მთავრობის პოზიციის სრულად გამტარებელი, ვიდრე ოპონენტი, კარგი გაგებით, როგორც ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში, რომლის პრეზიდენტმაც პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს ყოველთვის უნდა მიაწოდოს ძალიან აწონილი და ბალანსირებული პოზიცია,”- განაცხადა ბურჯანაძემ 4 სექტემბერს. 


მან ალექსიშვილი მოიხსენია, როგორც  ”ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატურა”.


”მე მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა… აქედან გამომდინარე ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით სერიოზული კონსულტაციები უნდა შემდგარიყო, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს ასე არ მოხდა და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არის ჩემთვის მიუღებელი,” – აღნიშნა მან, ”ეროვნული ბანკი არის ის სტრუქტურა, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული ფუნქციები”.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ”მიუღებელი” უწოდა იმ ფაქტს, რომ აქტიურად არ იყო ჩართული სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.


”როდესაც საქმე ეხება პარლამენტის პრესტიჟს და პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, როგორც ინსტიტუტს, მე ყოველთვის ვაფიქსირებ იმ პოზიციას, რაც მიმაჩნია სწორად და მნიშვნელოვნად. ჩემთვის ნამდვილად არ არის მისაღები და ვერ ჩავთვლი მისაღებად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული დეტალურად იმ კონსულტაციებში, რომელიც მთავრობაში ასეთ სერიოზულ გადაადგილებასთან არის დაკავშირებული,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


მან ასევე გააკრიტიკა მთავრობის პროგრამა და მოუწოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას უკეთესი ვარიანტი წარმოადგინოს.


”ეს არის განზრახულობათა დეკლარაცია და მე მოხარული ვიქნები, თუ მთავრობა მეტი სერიოზულობით მიუდგება პარლამენტთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს უფრო სერიოზულ პროგრამას”, –  განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი ეს განცხადებები წინ უსწრებს განხილვებს, რომელიც პარლამენტში უნდა გაიმართოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button