ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს ხელმძღვანელობას ხვდება
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი 4 სექტემბერს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.
მორატინოსი, რომელიც თბილისში 3 სექტემბრის საღამოს ჩამოვიდა, უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს და სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძეს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.
განხილვების მთავარი თემა, სავარაუდოდ, 6 აგვისტოს ინციდენტი იქნება.
თბილისში გამომგზავრებამდე მორატინოსი 3 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა, საერთაშორისო კონფერენციის ”ერთობლივი მუშაობა – ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერება” ფარგლებში.
გასულ თვეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიომირ ზუზული დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად 6 აგვისტოს ინციდენტის საკითხებში. ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიომირ ზუზული თბილისსა და მოსკოვს ესტუმრა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს რუსეთსა და საქართველოში განხორციელებული შემსწავლელი მისიების დასკვები გააცნო.
თბილისს სურს, რომ ეუთომ დაგმოს რუსული აგრესია სუვერენულ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მონაწილეობას 6 აგვისტოს ინციდენტში და მას თბილისის მიერ დადგმულს უწოდებს მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)