ახალი ამბები

მთავრობა ბიუჯეტის 450 მლნ ლარით გაზრდას გეგმავს

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა სექტემბერში პარლამენტს წარუდგენს 2007 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 450 მლნ ლარით გაზრდაა დაგეგმილი.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტის დამატებითი თანხები ხუთ მიმართულებას მოხმარდება: თავდაცვის სამინისტროს რეფორმის გაგრძელებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დამატებითი თანხების  გამოყოფას, იუსტიციის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას, ასევე დამატებითი თანხების გამოყოფას საინვესტიციო ღონისძიებებისთვის და აგრარული სექტორის განვითარებას. აქედან 320 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროზეა გათვალისწინებული.


”ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის სამინისტროს რეფორმას იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრო მიუახლოვდეს, რაც შეიძლება სწრაფად, ნატოს სტანდარტებს და შესაბამისად შესრულებული იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ამოცანა -ნატოში გაწევრიანება”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 29 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ  გამართულ პრეს-კონფერნციაზე.


პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ ივნისში დაამტკიცა, რომლის მიხედვით ბიუჯეტის ხარჯები 600 მილიონი ლარით გაიზრდა და ხარჯების საერთო მაჩვენებელმა 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. მაშინაც დაფინანსების უდიდესი წილი – 442 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროზე იყო გათვალსიწინებული, რის შედეგადაც 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 955.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  პირველი და მეორე კვარტლების წინასწარი შედეგების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლომდე მინიმუმ 12% იქნება, მაშინ როცა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების მიხედვით დაახლოებით 7-7,5%-იანი ზრდა იგეგმებოდა. 


ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ინფლაცია იქნება შენარჩუნებული  8%-ის ფარგლებში.


 

Back to top button