
რკინიგზა სულ ცოტა 2 მილიარდ დოლარს საჭიროებს, აცხადებენ ინვესტორები
კომპანია Parkfield Investment Ltd., რომელსაც ”საქართველოს რკინიგზა” მართვის უფლებით გადაეცა, ცოტა ხნის წინ სწორედ ამ საინვესტიციო პროექტის მიზნით შექმნა რამოდენიმე ინვესტორმა, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 20 აგვისტოს.
სარა ქენდოლმა, რომელიც Civil.Ge-ს ლონდონიდან ინვესტორთა სახელით ტელეფონით ესაუბრა, განაცხადა, რომ Parkfield Investment დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული. ”პირველ რიგში, საჭიროა, რომ პროცესი ოფიციალურად გაფორმდეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ფორმალობა მოგვარდება, ჩვენ გავამხელთ ინვესტორთა ვინაობას,” დასძინა მან.
საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე 20 აგვისტოს გამოქვეყნდა განკარგულება შპს ”საქართველოს რკინიგზის” მართვის უფლების კომპანია Parkfield Investment Ltd.-ზე გადაცემის თაობაზე.
განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინსიტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ Parkfield Investment-ს რკინიგზა 99 წლის მართვის უფლებით გადაეცა – ნაცვლად 89 წლის, როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული.
განკარგულების თანახმად, კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საქმეში.
ინვესტორი კომპანია იღებს ვალდებულებას 2008 წლის 31 დეკემბრამდე არ გაზარდოს არსებული ტარიფები სამგზავრო გადაზიდვებზე. განკარგულების თანახმად, ტარიფების გაზრდა ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს.
”შეთანხმება არ არის საჭირო, თუ საფასური გაზრდილ იქნა წლიური ინფლაციის საპროცენტო მაჩვენებლის ოდენობის ფარგლებში,” ნათქვამია განკარგულებაში. გარიგებას ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე კურირებს.
სარა ქენდოლმა განაცხადა, რომ საქართველოს სარკინიგზო ქსელს შესაძლოა ორი ან სამი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდეს 10-15 წლის მანძილზე.
მისი თქმით, ამჟამად Parkfield Investment-ი ეძებს კომპანიას, რომელიც რკინიგზას ინვესტორთა სახელით მართვას გაუწევს.
”ჩვენ ტენდერს გავმართავთ, რათა შევარჩიოთ ოპერატორი კომპანია. ჩვენი ვარაუდით, ეს კომპანია იქნება ან დიდი ბრიტანეთიდან ან ეს იქნება სხვა რომელიმე დასავლეთ ევროპული კომპანია, რომელსაც ექნება ამგვარი სარკინიგზო სისტემის მართვის გამოცდილება,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიცია სარკინიგზო ქსელის განვითარებას დაეხმარება და ”მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში”.
კომპანია Parkfield Investment-ს შესახებ მწირი ინფორმაციის და ინვესტორთა შესახებ ინფორმაციის არარსებობის ფონზე, ვრცელდება ვარაუდები იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ გარიგების უკან, რომელიც ქვეყნის საკვანძო ობიექტს ეხება.
პირველად ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ შპს ”საქართველოს რკინიგზის” კომპანია Parkfield Investment-სთვის გადაცემის თაობაზე 16 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ გაავრცელა.
ეს განცხადება თავად რკინიგზის ხელმძღვანელობისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობის ძალიან ვიწრო წრეში იქნა მიღებული.
ანალიტიკოსთა უმეტესობა მიესალმა რკინიგზის კერძო კომპანიისთვის გადაცემის ფაქტს, თუმცა გარიგების გარშემო არსებულმა ბუნდოვნმა გარემოებებმა გარკვეული შეშფოთებაც გამოიწვია.
საქართველოში ტრადიციული და მთავარი შეშფოთება, როდესაც საქმე ქვეყნის საკვანძო ობიექტების პრივატიზაციას ეხება, უკავშირდება რუსეთს და ანალიტიკოსთა უმეტესობამ უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ გარიგების უკან შესაძლოა რუსული კაპიტალი იდგეს.
ჟურნალისტი და ეკონომიკური მიმომხილველი რეზო საყევარიშვილი აცხადებს, რომ გარიგების გარშემო მხოლოდ ჭორები ვრცელდება და რაიმე დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია.
”ნამდვილად არ ვიცი, ვინ შეიძლება იდგეს ამ კომპანიის უკან”, – განუცხადა საყევარიშვილმა Civil.Ge-ს. ”სხვადასხვა და უამრავი ჭორი ვრცელდება. ზოგიერთის თანახმად, ეს შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილი იყოს, სხვების თანახმად, ეს შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იყოს ან არველაძესთან დაახლოებული ბიზნესმენები. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია და რაიმე მოსაზრების გამოსათქმელად მეტი ინფორმაციაა საჭირო ”, – დასძინა მან.
საქმეში ჩახედული რამოდენიმე წყაროს ცნობით, გარიგების უკან ბადრი პატარკაციშვილი უნდა იდგეს. თუმცა, რამდენიმე ანალიტიკოსი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამის მიზეზად ხელისუფლებასთან ბადრი პატარკაციშვილის დაძაბულ ურთიერთობას ასახელებს.
”არა მგონია, რომ პატარკაციშვილი იდგეს ამ გარიგების უკან,” – განუცხადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გია ხუხაშვილმა Civil.Ge-ს. ”ამაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობების გამო; თუ ეს მართალია, მაშინ ჩნდება კითხვა: რის სანაცვლოდ გახდა ეს გარიგება შესაძლებელი?”
პატარკაციშვილს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გასული წლის მარტიდან გაუფუჭდა, როდესაც მან ხელისუფლება საჯაროდ დაადანაშაულა მის მედია ჰოლდინგზე და ბიზნესზე ზეწოლაში.
მას შემდეგ პატარკაციშვილმა დატოვა საქართველო და ამჟამად ძირითადად ლონდონში იმყოფება. მან საქართველოში ბიზნესის ნაწილიც გაყიდა, მათ შორის ყულევის ნავთობტერმინალი, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ შეიძინა.
ერთადერთი დიდი ბიზნესი, რომელსაც პატარკაციშვილი კვლავ ფლობს საქართველოში, არის მედია ჰოლდინგი ”იმედი”, რომელიც რადიოს და ტელევიზიას აერთიანებს. კომპანიის თანამფლობელია News Corporation. მაგრამ ამ ბიზნესს პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე ეკონომიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მომავალი წელს დაგეგმილი არჩევნების წინ.
გუგა კვიტაიშვილმა, ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელმა თბილისში, უარი თქვა რკინიგზასთან პატარკაციშვილის შესაძლო კავშირებზე კომენტარის გაკეთებაზე. ”ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – განუცხადა მან Civil.Ge-ს.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ინვესტორი, ამ პროექტის შედეგად საქართველოს დედაქალაქს მნიშვნელოვანი სახეცვლილებები ელის. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ იგეგმება რკინიგზის ქსელის გადატანა თბილისის გარეთ. ამჟამად რკინიგზა დედაქალაქს კვეთს და მას ორ ნაწილად ყოფს.
”რკინიგზის გადატანის შედეგად სულ ცოტა 100 ჰექტარი მიწა გამოთავისუფლდება დედაქალაქში და ეს მიწა ქალაქის ეკონომიკურ პროცესებში ჩაერთვება,” – განაცხადა მან.