ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემას აპროტესტებს

ოპოზიციური პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი შპს ”საქართველოს რკინიგზის” ”უცნობი” კომპანიისთვის მართვის უფლებით გადაცემის ფაქტს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამით საქართველო კარგავს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბერკეტს ეკონომიკაში.


შპს ”საქართველოს რკინიგზის” 99 წლიანი მართვის უფლებით ბრიტანულ Parkfield Investment Ltd.-ზე გადაცემის შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.


რკინიგზის მართვის უფლებით გაცემის თაობაზე ინფორმაცია, 16 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ გაავრცელა, თუმცა მისი ინფორმაციით, რკინიგზა 89 წლის მართვის უფლებით იქნებოდა გადაცემული.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ფონზე გაუგებერია ”ბაქო-ახალქალაქი-ყარსის” სარკინიგზო მაგისტრალის ფუნქციონირება, რომლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში იწყება და რომლისთვისაც აზერბაიჯანმა საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25 წლიანი სესხი გამოუყო.


”ქვეყნისთვის, რომელიც არის სატრანზიტო ქვეყანა, გადაცემა მთლიანად თავისი რკინიგზის სხვა რომელიმე კომპანიისთვის არის გაუგებარი, როგორც ის, თუ რა მოგებას მოიტანს ყარსი-ახალქალაქის [სარკინიგზო მაგისტრალის] გახსნა. რატომ ვიღებთ ჩვენ 200 მლნ დოლარიან კრედიტს[აზერბაიჯანისგან] თუ კი ჩვენ გადავცემთ ამ რკინიგზას და საერთოდ შემოსავალი არ გვექნება რკინიგზიდან”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, საინტერესოა ასევე, თუ ვინ იქნება შემდგომ მმართველი კომპანია, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის ინფორმაციით, თავად ბრიტანული კომპანია Parkfield Investment Ltd.-ი შეარჩევს.


”თუ ესენი იქნებიან ან აზერბაიჯანელები ან რუსები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთმობთ ჩვენ ბერკეტებს, როგორც ეკონომიკურს, ისე პოლიტიკურს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში აღარ თამაშობს იმ თავის ისტორიულ როლს, რომლითაც ის იყო ლიდერი რეგიონში”, – დასძინა ზურაბიშვილმა.

Back to top button