ახალი ამბები

მედია-საშუალებები საპრივატიზაციო შენობას ხმაურით ცლიან

ტელეკომპანია ”კავკასიის”, რუსული ტელეკომპანია МИР-ის თბილისის ოფისის და ათეულობით ჟურნალ-გაზეთის რედაქციებისგან გამოთავისუფლება დაიწყო დღეს დილით გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობის, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს და საპრივატიზაციო ნუსხაშია შეყვანილი.


შენობაში, რომელიც დღეს სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს, 90-მდე იქ განთავსებული ორგანიზაციის თანამშრომლებს არ მიეცათ შესვლის საშუალება. ამ მიზეზით 10 აგვისტოს მაუწყებლობა შეწყვიტა მკვეთრად ოპოზიციური მიმართულების ტელეკომპანია ”კავკასიამ”.


მედია-საშუალებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი წინასწარ არ გააფრთხილეს დაგეგმილი გამოსახლების თაობაზე. მათი ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, პოლიციამ ნება დართო გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში მომუშავე პერსონალს გამოეტანათ საკუთარი ნივთები და აპარატურა. 


შენობაში მომუშავეთა პროტესტს შეუერთდნენ ასევე ცალკეული ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ლეიბორისტების წარმომადგენლები და ფაქტი ”ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ სიტყვაზე შეტევად” შეაფასეს.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობის დაცლა პრივატიზაციის მიზნით ხდება.

Back to top button