
კოკოითი: რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით თბილისი პროვოკაციებს ამზადებს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ თბილისმა რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით შესაძლოა მსხვერპლიანი პროვოკაციები მოაწყოს, ამიტომ მოსკოვს კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით გაძლიერების თხოვნით მიმართავს.
”ეს პროვოკაციები შეიძლება ქართველების წინააღმდეგაც იყოს მიმართული, რათა შემდეგ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს გადაბრალდეს,”- იუწყება 11 აგვისტოს ”რია ნოვოსტი” კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
კოკოითი ასევე აკრიტიკებს ეუთოსა და ”ზოგიერთი ქვეყნის” პოზიციას, რომელთაც ”კონკრეტული ფაქტებისა და დამადასტურებელი საბუთების გარეშე” არ დააყოვნეს რუსეთის კრიტიკა 6 აგვისტოს დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით.
”დღეს მათ ბოდიში უნდა მოუხადონ რუსეთს უტაქტო მოქმედებების გამო,”- დასძენს კოკოითი.
იგი ასევე ”ლოგიკურს” უწოდებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ამ ეტაპზე უარი თქვა დაბომბვის ინციდენტის განხილვაზე, რაშიც თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს. ”ასეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ყველას კარგად ესმის, რომ ეს პროვოკაციაა,”- აცხადებს კოკოითი.
დე ფაქტო ლიდერი პროვოკაციის ავტორად თბილისს მიიჩნევს, რადგან კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის მოახლოებასთან ერთად, რაც ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას” მოასწავებს, ”საქართველოს სხვა მეთოდები აღარ დარჩა”.
სამხრეთ ოსეთისათვის ერთიანი საქართველოს ფარგლებში ფართო ავტონომიის შეთავაზების საკითხთან დაკავშირებით კოკოითი აცხადებს: ”მე მხარს ვუჭერ ფართო ავტონომიას იმ 100 ათასი ლტოლვილისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა ნაწილში” და არა სამხრეთ ოსეთისთვის.
”დაე, ისინი დააბრუნოს საქართველომ და მიანიჭოს ფართო ავტონომია,”- დასძენს კოკოითი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ეს განცხადებები ვლადიკავკაზში გააკეთა, სადაც თვითგამოცხადებული რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივი სხდომა ინტეგრაციული პროცესების გარღმავების საკითხებს უკვე მეორე დღეა, რაც განიხილავს.
”უნდა ვიმუშაოთ, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა,”- განაცხადა კოკოითმა 11 აგვისტოს ერთობლივ სხდომაზე საუბრისას.
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა თეიმურაზ მამსუროვმა, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა სხდომის მუშაობაში, აღნიშნა, რომ ”უპირველესი ამოცანა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.