ახალი ამბები

კოკოითი თბილისს სამხრეთ ოსეთის დაბომბვაში ადანაშაულებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი თბილისს ”პროვოკაციაში” და სამხრეთ ოსეთის ”საჰაერო სივრცის” დარღვევის გზით ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს.


”გუშინ ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე, მანევრირებდა ოსური სოფლების თავზე და ორი ბომბი ჩამოაგდო… ერთ-ერთი ბომბი ჩამოვარდა გორის რაიონის სოფელთან, სადაც უმეტესად ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. მეორე ბომბი კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ჩავარდა,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 7 აგვისტოს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

ქართულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ SU-25 ან L-39 ტიპის, აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი, სოფელ წინაგარს გადაუფრინა და რაკეტები გრომის ხეობის მიდამოებში ჩამოაგდო.


”ეს ქართული მხარის პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია რუსეთის დისკრედიტაციისაკენ,”- დასძინა კოკოითმა მოსკოვის მიმართ თბილისის ბრალდებების საპასუხოდ.


ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია 6 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავებმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად დაბომბეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე. თუმცა რუსეთმა უარყო ამ დაბომბვასთან კავშირი.

Back to top button