ბაღაფში: პრემიერზე თავდასხმის გამოძიებაში სერიოზული წინსვლაა
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერზე ალექსანდრე ანქვაბზე 9 ივლისს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამოძიებაში ”საკმაოდ სერიოზული წინსვლაა”, რის შესახებაც ინფორმაციას სამართალდამცავთა ვიწრო წრე ფლობს, განუცხადა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს.
”დანაშაული და მითუმეტეს ასეთი ხმაურიანი, უნდა იხსნებოდეს ცხელ კვალზე,”- იუწყება 2 აგვისტოს ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან აფხაზ სამართალდამცავებს 10 ივლისს ორკვირიანი ვადა მისცა თავდასხმის გამოსაძიებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
თუმცა ბაღაფში, რომელიც პირადად აკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას, 2 აგვისტოს აცხადებს, რომ ამ საქმის მიმართ ძალიან სერიოზული მიდგომაა საჭირო.
”ყველაფერი უნდა დამტკიცდეს 150%-ით. ერთმა არასწორმა დასკვნამაც კი შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ უსიამოვნებამდე, რისი დაშვებაც არ შეიძლება,”- აცხადებს სერგეი ბაღაფში.
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც თავდასხმის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო, მოვალეობების შესრულებას 2 აგვისტოს დაუბრუნდა.
9 ივლისის თავდასხმა მისი მკვლელობის უკვე მესამე მცდელობა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)