მოსკოვი სამხრეთ ოსეთისადმი პრინციპულ პოზიციას არ ცვლის
მოსკოვი არ შეიცვლის სამხრეთ ოსეთის მიმართ თავის ”პრინციპულ პოზიციას”, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 2 აგვისტოს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იმავე დღეს რუსულ ”ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნდა სტატია შინაარსით, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მხარს აღარ დაუჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ.
”ჩვენ უკვე მოგვიწია იმის მოსმენა, რომ რუსული მხარე დაუჭერს მხარს სანაკოევის ”ადმინისტრაციას”, ჩვენი ”მზადყოფნის” შესახებ გავცვალოთ სამხრეთ ოსეთი თბილისის უარზე გახდეს ნატოს წევრი და ა.შ.,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები, ნათქვამია განცხადებაში, მიზნად ისახავს ”განხეთქილების შეტანას რუსულ, სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებს შორის”.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი აგრძელებს თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის რეგიონალური კონფლიქტების თემატიკაზე მოლაპარაკებებს.
”თუმცა მოლაპარაკებების მსვლელობისას შესაძლო კომპრომისებს ჩვენ არასოდეს განვიხილავდით პრინციპულ მომენტებზე ”გაცვლის” კონტექსტში,”- აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყება, ”ჩვენი პოზიცია იყო და რჩება უკიდურესად ობიექტური და ღია… არსებული კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისათვის”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ ასევე უარყო რაიმე კულუალური გარიგება რუსეთთან სამხრეთ ოსეთის თაობაზე და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებულ ინფორმაცია ”ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება”.
”რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის სულისკვეთებას ზოგადად ვეთანხმებით. დაუშვებელია ასეთი ფაქიზი საკითხი სპეკულაციის საგნად ვაქციოთ,”- განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 2 აგვისტოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)