ახალი ამბები

თამარაშენში სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მსჯელობენ

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში დღეს რიგით მეორე შეხვედრას მართავს.

კომისია პირველად 24 ივლისს შეიკრიბა.


კომისიის დღევანდელ სხდომას, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით, ხელისუფლებისა და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან.


დღეს კომისია დააკომპლექტებს, სავარაუდოდ, ხუთ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც რეგიონის სტატუსის კონსტიტუციურ-სამართლებრივ, ფინანსურ, ეკონომიკურ, განათლების და კულტურის მიმართულებებზე იმუშავებენ.


სამუშაო ჯგუფების კოორდინაციას სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე გასწევს.


”ჯგუფების დაკომპლექტების პროცესი ძირითადად დასრულებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ მზად ვართ მივცეთ შანსი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამატებით მოისურვებს ჯგუფებში ჩართვას. კომისიის კარი არის ღია, მათ შორის, პირველ რიგში, ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის,”- განაცხადა 27 ივლისს დავით ბაქრაძემ.


გარდა ამისა, თბილისის სურვილია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ბაქრაძის უწყებამ ასევე ოფიციალური თხოვნით მიმართა პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს მიავლინონ წარმომადგენლები კომისიაში.

თუმცა ამ ეტაპზე რუსული მხარე თავს იკავებს ჩაერთოს სტატუსის განსაზღვრის პროცესში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ასევე უარი თქვა კომისიასთან თანამშრომლობაზე.

Back to top button