
ბრაიზა: სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის დრო დადგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა ”მნიშვნელოვანს” უწოდებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების ახალი მიდგომებს და აცხადებს, რომ დადგა დრო მოგვარების პროცესი დაგვირგვინდეს რეგიონის სტატუსის განსაზღვრით საქართველოს შემადგენლობაში.
ბრაიზა მიესალმა სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნას.
”ფაქტიურად ხორციელდება ის გეგმა, რომელიც დასახული იყო და სანაკოევის [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] მომხრეებს და ასევე კოკოითის [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] მომხრეებს შესაძლებლობა აქვთ ისაუბრონ ერთმანეთში [კომისიის ფარგლებში]. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამშვიდობო გეგმა, რომელიც დასახული იყო ვითარდება”, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის სამსაფეხურიანი სამშვიდობო გეგმის მიხედვით, პირველი ფაზა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას; მეორე – ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ნდობის აღდგენას, ხოლო უკანასკნელი რეგიონის სტატუსის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.
ბრაიზას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ ”დღითიდღე იზრდება სანაკოევის მომხრეთა რიცხვი”.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მეთიუ ბრაიზა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მართავს.