ახალი ამბები

აშშ მხარს უჭერს ცხინვალის მიმართ თბილისის ტაქტიკას

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების ახალმა მიდგომებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ  დადგა დრო მოგვარების პროცესი დაგვირგვინდეს რეგიონის სტატუსის განსაზღვრით საქართველოს შემადგენლობაში.


27 ივლისს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თბილისის ქმედებები სამხრეთ ოსეთის მიმართ სრულად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ სამი წლის წინ შემუშავებულ სამეტაპიან სამშვიდობო გეგმას.


”გასული წლის მანძილზე ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება ვმუშაობდით საქართველოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური და ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. შევეცადეთ დაგვენახა პროგრესი დემილიტარიცაზიის საკითხში და ახლა დროა გადავიდეთ მესამე ეტაპზე, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებაზე მოლაპარაკებას გულისხმობს,” – განაცხადა ბრაიზამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველად კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა 2004 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაახმოვანა.  გეგმის მიხედვით, პირველი ფაზა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას; მეორე – ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ნდობის აღდგენას, ხოლო უკანასკნელი რეგიონის სტატუსის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.


ბრაიზა ასევე მიესალმა სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნას და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი თბილისის გეგმის ბოლო ეტაპის ნაწილია.


”კომისიის შექმნა ოსების და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით – ოსებში ვგულისხმობ როგორც ბატონი კოკოითის, ისე ბატონი სანაკოევის მომხრეებს – არის ქართული გეგმის განვითარების ნაწილი, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს,” – განაცხადა მან.


”მთავარი საკითხია სამხრეთ ოსეთის ავტონომიის განსაზღვრა ერთიანი საქართველოს ფარგლებში,” – დასძინა მან.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა უარი თქვა კომისიასთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი უკვე განისაზღვრა 1992 წლის რეფერენდუმის დროს და კიდევ ერთხელ დადასტურდა განმეორებითი რეფერენდუმის შედეგად გასული წლის ნოემბერში. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი კი მიესალმა კომისიის მუშაობას.


ამერიკელი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სანაკოევის ფიგურასთან დაკავშირებით.


”ფაქტია, რომ ბატონ სანაკოევს მზარდი მხარდაჭერა აქვს სამხრეთ ოსეთში, ეს რეალობაა,” – განაცხადა ბრაიზამ.


იმავდროულად, საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ეუთოს ესპანური თავმჯდომარეობიდან. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ხოსე ბორელ ფონტელესი მიესალმა თბილისის ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ყველა მხარის ჩართვის თაობაზე.


ეუთოს წარმომადგენელმა, რომელიც 25-26 ივლისს თბილისსა და ცხინვალს სტუმრობდა, ხაზი გაუსვა ”ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის და მუშაობის ზომიერი ტემპის საჭიროებას”.


თუმცა, მოსკოვი თავს იკავებს სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის ახალ ტაქტიკაში ჩაერთოს. რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 27 ივლისს ეჭვები გამოთქვა იმის თაობაზე, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მუშაობაში.

Back to top button