
თბილისს სურს, რომ კოდორის ხეობაზე თავდასხმის გამოძიება გაგრძელდეს
11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ ”საომარი ქმედება” იყო და თბილისს სურს, რომ ინციდენტის გამოძიება გაგრძელდეს, რათა პასუხი გაეცეს ყველა საეჭვო კითხვას, განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 26 ივლისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება , რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა, მიანიშნებს, თუმცა გადაჭრით არ იძახის, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.
ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მოხსენების არასრულყოფილების მიზეზი გახდა მოსკოვის პოზიცია, რომელიც ოთხვიანი გამოძიების პროცესში თანამშრომლობას თავს არიდებდა.
”რუსულმა მხარემ დამალა ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმატებული საგამოძიებო დასკვნისთვის,” – განაცხადა ალასანიამ.
კერძოდ, რუსეთმა არ წარმოადგინა საჰაერო მიმოსვლის კონტროლის ჩანაწერები და ასევე თავი აარიდა თხოვნას ჭურვების ფრაგმენტებზე აღმოჩენილი სერიული ნორმების მოძიებაზე, რაც დაეხმარებოდა გამოძიებას ჭურვის წარმოშობის დადგენაში.
ალასანიას განცხადებით, ქართულმა მხარემ ნათლად მიანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომ თუ რუსეთი განაგრძობს გამოძიებისთვის ხელის შეშლას, ”საქართველო შეუძლებლად ჩათვლის მომავალში რუსული მხარის, როგორც კონფლიქტის მთავარი შუამავლის, მონაწილეობას”.
ნიუ-იორკში გაკეთებული ამ განცხადებების ფონზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცადა, რომ თბილისი მოითხოვს რუსეთის გამოსვლას გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფიდან, თუ მოსკოვი კვლავაც უარს იტყვის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გამოძიების პროცესში.
”მოვითხოვთ გამოძიების გაგრძელებას,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”მოვითხოვთ, რომ გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს და ყველა დარჩენილ კითხვას პასუხი გაეცეს”.
”წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება წარმოვიდგინოთ რუსეთის ფედერაციის როლი გაეროს მეგობართა ჯგუფის მომდევნო მუშაობაში,” – დასძინა მან.
გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი, რომელშიც შედიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი, თბილისსა და სოხუმს შორის შუამავლის როლს თამაშობს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოძიების პროცესში ისევ შეუვალი იქნება, შეუძლებელი გახდება ასევე კონფლიქტის მოგვარების კუთხით არსებული უსაფრთხოების მექანიზმების შენარჩუნება, აცხადებს ბაქრაძე.
ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ”საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მრავალი საჰაერო თავდასხმა დაფიქსირდა”.
”და ამას ყოველთვის მოყვებოდა რუსული მხარის ბრალდებები, რომ ქართველები თავად ბომბავდნენ საკუთარ ტერიტორიას. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა საკუთარი დასკვნები გამოიტანოს… რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები,” – განაცხადა ალასანიამ.