
თბილისს სოჭის ოლიმპიადის გამო მოსკოვის აფხაზეთში გააქტიურება აშფოთებს
სოჭის ზამთრის ოლიმპიადას შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ რუსეთი გადაწყვეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იგნორირებას და აფხაზეთში იმოქმედებს, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 26 ივლისს.
”ასეთ შემთხვევაში სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება გაიზიროს მოსკოვის ოლიმპიადის ბედი [1980 წელს, როცა მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ოლიმპიადას საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გამო] იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება [რუსეთის] არალეგიტიმურ ნაბიჯებს [აფხაზეთთან მიმართებაში],” – განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას აფხაზეთში ინვესტიციების გააქტიურებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ რეგიონში საინვესტიციო პროექტები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით უნდა განხორციელდეს.
”ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება,”- დასძინა ბურჯანაძემ.
9 ივლისს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ჩატარება წარმოუდგენელია აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე. 19 ივლისს კი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჟუკოვმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.
”აფხაზეთში არის ყველა საშუალება ცემენტის ქარხნების ასაშენებლად… რომელიც საჭიროა სპორტული ობიექტების და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად,”- იუწყებოდა 19 ივლისს ”რია ნოვოსტი” ალექსანდრე ჟუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
”ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადება გააკეთა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ განცხადებას ადეკვატური განმარტებები მოჰყვება,”- განუცხადა 26 ივლისს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თავიდანვე ემხრობოდა ოლიმპიადის რუსეთში ჩატარებას, რადგან იმედოვნებდა, რომ მოსკოვი თავად იქნებოდა დაინტერესებული რეგიონში სტაბილურობასა და ”სოჭიდან 10 წუთის გზაზე” არსებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.