ახალი ამბები

ბან გი-მუნი ქართულ და აფხაზურ მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი-მუნმა მოუწოდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს გააღრმავონ თანამშრომლობა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, იტყობინება გაეროს საინფორმაციო სამსახური 23 ივლისს.


თავის ახალ მოხსენებაში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარეებმა ”უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმ შეთანხმებების შესასრულებლად”, რომლებიც გასულ თვეს გერმანიაში მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე იქნა მიღწეული.


ბან გი-მუნმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა გააორმაგონ თავიანთი მცდელობები საომარი მოქმედებების განახლების გამომწვევი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ქართული მხარის მიერ აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურში გახსნილ ”პატრიოტულ ბანაკზე”.


”შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, გაერო უერთდება მეგობარი ქვეყნების ჯგუფს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიყვანოს ბანაკი უსაფრთხოების ზონიდან,” – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ ”კულტურული ღონისძიებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს გაუგებრობა, შეცდომები და, შედეგად, ძალადობა”.


გარდა ამისა, ორივე მხარემ უნდა აიცილოს თავიდან პოტენციურად კრიტიკული სიტუაციები, რასაც, მისი თქმით, შეიარაღებული კონტინგენტის განთავსება იწვევს. მან მოუწოდა მხარეებს, ”ერთმანეთისგან თავი შორს დაიჭირონ”. 


”კონფლიქტური მხარეების დაშორიშორება უპირველესი და ხშირად ყველაზე ეფექტური გარანტიაა მშვიდობის შესანარჩუნებლად,” – დასძინა მან.  



 

Back to top button