ახალი ამბები

თბილისის მერიის მიერ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს დაპირისპირება მოჰყვა

დღეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაიწყო.


ნგრევის და გამოსახლების პროცესის დაწყებას კერძო მესაკუთრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მთელი დღის მანძილზე პატრულსა და მესაკუთრეებს შორის არაერთი შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.


განვითარებულ მოვლენებს ”ბარბაროსული” უწოდა სახალხო დამცველმა  სოზარ სუბარმა, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადევნებდა თვალს.


”როცა საკუთრებას ასე ხელაღებით ვეპყრობით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ კონსტიტუციურ ქვეყანაში,”- განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.


ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, საცხოვრებელი სახლი უკანონოდ არის აშენებული, ამორტიზებული და სეისმურად არამდგრადია. თუმცა ამას უარყოფენ კერძო მესაკუთრეები.


მერიის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ კომპენსაციის სახით მობინადრეებს 1 კვადრატულ მეტრ ფართში 1200-დან 1400 დოლარამდე თანხას სთავაზობენ; ახალი ფართობების შეძენამდე კი ნაქირავები ბინებით უზრუნველყოფენ. ამ ხარჯებს, სავარაუდოდ, დაფარავს ინვესტორი – Kempinski Hotels-ი, რომელიც ”იმელის” შენობის ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ რეკონსტრუქციასა და ამ მიზნით 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს.


თუმცა კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათთვის კომპენსაცია არავის შეუთავაზებია. მათ უკვე მიმართეს სასამართლოს თბილისის ზედამხედველობის სამსახურის იმ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც დემონტაჟის დაწყებას ითვალისწინებს. მობინაადრეები ასევე ნგრევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.


”სამწუხაროდ, სასამართლოს გარდა ჩვენ სხვა ძალა არ გვაქვს,”- განაცხადა ერთ-ერთმა მობინადრემ.

საქართველოს პარლამენტმა ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონი ივნისში დაამტკიცა, თუმცა ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ კერძო საკუთრებაზე, რომელზეც კანონის ამოქმედების მომენტში გამოძიება მიმდინარეობდა.

Back to top button