
რუსეთი თავს იცავს კოდორის დაბომბვაზე მოხსენების გამო
მოსკოვმა ხელი თბილისისკენ გაიშვირა განაცხადა რა, რომ 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე განხორციელებული თავდასხმა ”პირველ რიგში ქართულ მხარეს აწყობდა”.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება , რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა, მიანიშნებს, თუმცა გადაჭრით არ იძახის, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს აღნიშნა, რომ გაეროს მისიის მოხსენებას მოჰყვა შეფასებები, რომელიც დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ისახავს მიზნად.
ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია, რომელმაც 17 ივლისს დაგმო 11 მარტის ინციდენტი როგორც ”ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე” და შეაქო საქართველოს ხელისუფლება თავდასხმის დროს გამოჩენილი თავშეკავებისთვის და გამოძიების პროცესში გაეროს მისიასთან თანამშრომლობისთვის.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარე ”მოქმედებდა მიზანმიმართულად ზემო კოდორის ხეობაში დაძაბულობის გასამწვავებლად”.
მოსკოვის განცხადებით, თბილისმა 11 მარტის ინციდენტით ისარგებლა და კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი პოზიცია ზემო კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, რამაც ”თავის მხრივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულება გამოიწვია”. სოხუმი და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვენ თბილისისგან გაიყვანოს თავისი ძალები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ზემო კოდორის ხეობიდან.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებამ ცალსახად დაადასტურა, რომ ქართული ვერტმფრენები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას კოდორის დაბომბვაში.
გაეროს მისიის მოხსენება არის ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფის მიერ ჩატარებული ოთხთვიანი გამოძიების შედეგი. ჯგუფში გაეროს დამკვირვებლები და რუსი სამშვიდობოები, ასევე ქართული და აფხაზური მხარეები შედიოდნენ. საბოლოო მოხსენება ჯგუფმა კონსენსუსით დაამტკიცა, რამაც ბუნებრივად განაპირობა დოკუმენტში გარკვეული კითხვის ნიშნების დატოვება.
17 ივლისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა მოხსენების ეს არასრულყოფილება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
”ერთობლივი ჯგუფის დასკვნაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ შეზღუდვები, რომელიც განპირობებული იყო რელიეფითა და მეტეოროლოგიური პირობებით, რომელიც 11 მარტის ღამეს იყო შექმნილი ზემო კოდორის ხეობაში, ”თითქმის შეუძლებელს” ხდიდა საფრენი აპარატების მონაწილეობას ინციდენტის მთელი მსვლელობის დროს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თუმცა, მოხსენება ასევე აღნიშნავს (და ამაზე რუსეთის საგარეო უწყება არაფერს ამბობს) რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველთა ჩვენებები ვერტმფრენების მონაწილეობის თაობაზე ერთმანეთისაგან განსხვავდება, საერთო ჯამში მათი მონაცემებიდან ირკვევა, რომ ზემო კოდორის ხეობაში ერთზე მეტი ვერტმფრენი დაფიქსირდა და ისინი ინციდენტის მთელი პერიოდის მანძილზე დარჩნენ ხეობაში.
სპეციალურად მომზადებული მეტეოროლოგიური დასკვნების და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ჩანაწერების დეტალური ანალიზის საფუძველზე, მოხსენება ასკვნის, რომ ”ვერტმფრენები ჩრდილოეთიდან, სხვადასხვა მხრიდან შემოვიდნენ” ზემო კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ჩრდილოეთით რუსეთის საზღვარია.
მიუხედავად ამ რისკებისა, მოხსენება აცხადებს, რომ საბრძოლო დავალების შესრულების მიზნით 11 მარტს კოდორის ხეობაში შეღწევა შესაძლებელი იყო ვერტმფრენით, თუმცა ეს ”გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული”.
”მხოლოდ ულტრათანამედროვე საბრძოლო ვერტმფრენებს და პროფესიონალ პილოტებს, რომლებსაც ღამით ფრენის სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი შეეძლოთ ხეობაში შეღწევა; თუმცა ეს დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული,” – ნათქვამია მოხსენებაში.
11 მარტს ზემო კოდორის ხეობას საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნეს. გაეროს მისიის მოხსენებში მინიშნებულია, თუმცა გადაჭრით არ არის ნათქვამი, რომ აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან BM-21 ტიპის გამშვებიდან 122-მმ ჭურვები იქნა ნასროლი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს გაეროს მოხსენების ის მონაკვეთი, რომელშიც ნათქვამია, რომ ”ზემო კოდორის ხეობაში ცუდი ამინდის და რთული რელიეფის პირობებში ერთდროულად საარტილერიო ცეცხლის წარმოება და ამავე დროს ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. ეს მოქმედებები ერთმანეთისგან დროით, ან სივრცით უნდა ყოფილიყო გამიჯნული.”
თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე, გაეროს მისიის მოხსენება აღნიშნავს, რომ დროში გამიჯვნა იყო, თუმცა ასევე დასძენს: ”თვითმხილველთა განსხვავებული ადგილმდებარეობა, ღამით ცუდი ხილვადობა, რომლის დროსაც შეუძლებელი იყო ვერტმფრენების დანახვა და მშვიდობიან მოსახლეობის აღშფოთება ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უშლიან ზუსტი დასკვნის გამოტანას”.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აცხადებს, რომ მოხსენების დეტალები ”მთავარი არ არის”.
”მნიშვნელოვანია ნათლად დაინახო, ვის აწყობდა ეს ინციდენტი. და აქ ყველაფერი მიუთითებს საქართველოზე,” – დასძენს რუსეთის დიპლომატიური უწყება.