ახალი ამბები

თბილისი კოდორში გაეროს სადამკვირვებლო პუნქტის გახსნას ითხოვს

ქართული მხარე გამოდის ინიციატივით, რომ ზემო კოდორის ხეობაში დაარსდეს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG)სადამკვირვებლო პუნქტი, რაც ხელს შეუწყობს 11 მარტის დაბომბვის მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას.


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება, რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა, მიანიშნებს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


”ქართულ მხარეს სასურველად მიაჩნია ზემო აფხაზეთის სოფელ აჟარაში დაარსდეს UNOMIG-ის მუდმივმოქმედი სადამკვირვებლო პუნქტი, რომელსაც ექნება შესაბამისი აღჭურვილობა მსგავსი ფაქტების დასადგენად, მათ შორის საარტილერიო რადარი და შესაძლებელია უპილოტო თვითმფრინავები საჰაერო სივრცის გაკონტროლებისა და დაზვერვისათვის,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს. 


გაეროს მისიის მოხსენება არა მხოლოდ იმას ვარაუდობს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ კოდორის ხეობის დაბომბვაში, არამედ მიანიშნებს, რომ ხეობას საარტილერიო ცეცხლი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუხსნეს.


მოხსენება მოიცავს ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფის დასკვნების დეტალურ აღწერას. ჯგუფში, რომელსაც გაეროს მისია ხელმძღვანელობს, ასევე შედიან რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები, ქართული   და აფხაზური მხარეები.  ჯგუფი კონსენსუსის გზით მუშაობდა და შედეგად მოხსენება ბევრ შემთხვევაში არადამაჯერებელია.


თუმცა, საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მოხსენების ”ტექნიკური ხასიათისა”, მასში ”წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს გარკვეული დასკვნებისათვის”. 


”ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზემო აფხაზეთში განხორციელდა კარგად ჩაფიქრებული, მიზანმიმართული პროვოკაცია… ანგარიშის შინაარსიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ ამ პროვოკაციის დროს გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ არტილერია, არამედ მასში მონაწილეობდა   საბრძოლო ვერტმფრენი ან ვერტმფრენები,” – განაცხადა საგარეო უწყებამ.


სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად რუსეთის ”უსაფუძვლო ბრალდებებისა”, რომ თავად ქართული მხარე იყო ჩართული თავდასხმაში, მოხსენების მიხედვით ”თავიდანვე გამოირიცხა ამ აქციაში ქართული მხარის რაიმე სახით მონაწილეობის შესაძლებლობა”.


”სამწუხაროდ, მათი შემოსვლის ზუსტი მარშრუტის დადგენა ვერ მოხერხდა, რაც დიდწილად განპირობებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ რადარის ჩანაწერების არარსებობის უსუსური არგუმენტით უარი განაცხადა საგამომძიებლო ჯგუფისათვის ამ პერიოდის ავიადისპეჩერული მონაცემების გადაცემაზე,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 


გაეროს მისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის მიერ მოწოდებული სარადარო ინფორმაცია, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას ფარავს უშუალოდ კოდორის ხეობის სამხრეთით (თუმცა არა მის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც რუსეთთან საზღვარი მდებარეობს), მიანიშნებს, რომ ინციდენტის დროს კომერციული ფრენების გარდა სხვა ტიპის ფრენა არ განხორციელებულა.


სპეციალურად მომზადებული მეტეოროლოგიური დასკვნების და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ჩანაწერების დეტალური ანალიზის საფუძველზე, მოხსენება ასკვნის, რომ ”ვერტმფრენები ჩრდილოეთიდან, სხვადასხვა მხრიდან შემოვიდნენ” ზემო კოდორის ხეობაში.


რუსეთმა ასევე უარი თქვა დახმარებაზე იმ რუსული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვის წარმომავლობის დადგენაში, რომელიც სოფელ ჩხალთაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობას ესროლეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button