ახალი ამბები

გაეროს მისია კოდორის დაბომბვის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს








აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შენობა
ჩხალთაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
ფოტო გაავრცელა ლეგიტიმურმა მთავრობამ
.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება მიანიშნებს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


ზემო აფხაზეთი 11 მარტს გვიან ღამით დაიბომბა, რის შედეგადაც ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაზიანდა. დაბომბვის გამო არავინ დაშავებულა. თბილისი აცხადებდა, რომ ხეობა რუსული სამხედრო ვერტმფრენებიდან და აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაიბომბა. თუმცა, როგორც მოსკოვმა, ისე სოხუმმა უარყვეს ბრალდებები.


ინციდენტის გამოძიების მიზნით ოთხმხრივი ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი იქნა მოწვეული. ჯგუფს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია ხელმძღვანელობდა, თუმცა მასში ასევე შედიოდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების, ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები. ამ ჯგუფს დასკვნა ოთხივე მხარის წარმომადგენელთა მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიეღო, რამაც საბოლოო ჯამში, 11 მარტის დაბომბვის თაობაზე  დასკვნაში არაერთგვაროვანი შეფასებები განაპირობა.
 
მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონსენსუსის გზით მუშაობამ ”გაართულა შეთანხმება რამდენიმე საკითხზე, განსაკუთრებით იქ, სადაც არ არსებობდა ადეკვატური მტკიცებულებები”.


25-გვერდიან მოხსენებაში ნათქვამია, რომ სოფელ ჩხალთაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი – ან AT-6 SHTURM ან AT-9 ATAKA-ს ტიპის.


მოხსენება პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ეს ჭურვი ვერტმფრენიდან იყო ნასროლი, თუმცა ამავე დროს გამორიცხავს, რომ ის ხმელეთიდან ისროლეს.


”როგორც ჩანს, ჭურვი შენობას შედარებით მაღალი კუთხიდან მოხვდა (რაც, სავარაუდოდ, გამორიცხავს, ჯავშანტექნიკის გამოყენებას) და საკმაო სიზუსტით განხორციელდა (პირდაპირ ადმინისტრაციული შენობის ფანჯარას მოხვდა). გარდა ამისა, ტექნიკურად ძალიან რთული იქნებოდა SHTURM-ის ან ATAKA-ს ზუსტად გასროლა ხმელეთიდან, თვითნაკეთი ხელსაწყოდან. რუსული მხარის ექსპერტმაც განაცხადა, რომ ATAKA-ს გასროლა შეუძლებელია სახმელეთო პლატფორმიდან ან თვითნაკეთი ხელსაწყოდან,” – ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენების თანახმად, თვითმხილველებმა აღნიშნეს, რომ დაახლოებით საღამოს 21:10-დან 22:50 საათამდე ერთი ან მეტი ვერტმფრენი დაფრინავდა ზემო კოდორის ხეობაში.


”ჩხალთაში აღმოჩენილი გამოყენებული ჭურვი (SHTURM ან ATAKA), რომლის გასროლა როგორც წესი, თუმცა არა მხოლოდ, ვერტმფრენიდან ხდება, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ დაბომბვის დროს ხეობაში ვერტმფრენებიც იმყოფებოდნენ,”- ნათქვამია მოხსენებაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ”სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა ან დაადასტურებდა ვერტმფრენების ყოფნას ხეობაში ინციდენტის დროს”.


დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველთა ჩვენებები ვერტმფრენების მონაწილეობის თაობაზე ერთმანეთისაგან განსხვავდება, საერთო მათი მონაცემებიდან ის არის, რომ ზემო კოდორის ხეობაში ერთზე მეტი ვერტმფრენი დაფიქსირდა და ისინი ინციდენტის მთელი პერიოდის მანძილზე დარჩნენ ხეობაში. 


სპეციალურად მომზადებული მეტეოროლოგიური დასკვნების და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ჩანაწერების დეტალური ანალიზის საფუძველზე, მოხსენება ასკვნის, რომ ”ვერტმფრენები ჩრდილოეთიდან, სხვადასხვა მხრიდან შემოვიდნენ” ზემო კოდორის ხეობაში.


ქართული მხარის მიერ მოწოდებული სარადარო ინფორმაცია, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას ფარავს უშუალოდ კოდორის ხეობის სამხრეთით (თუმცა არა მის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც რუსეთთან საზღვარი მდებარეობს), მიანიშნებს, რომ ინციდენტის დროს კომერციული ფრენების გარდა სხვა ტიპის ფრენა არ განხორციელებულა.


”აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ არც აფხაზური, არც დსთ-ს სამშვიდობო ძალების ვერტმფრენი არ აფრენილა ამ ტერიტორიებიდან ზემო კოდორის ხეობის მიმართულებით ინციდენტამდე ან მის დროს,” – ნათქვამია მოხსენებაში.


გამოძიების დროს, რუსეთსაც მიმართეს თხოვნით გადაეცა ინციდენტის დროს საჰაერო მოძრაობის ჩანაწერები, თუმცა რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს მონაცემები არ გააჩნია ”იმის გამო, რომ 11-12 მარტს ზემოხსენებულ ზონაში რუსეთის საჰაერო ძალების ფრენები არ განხორციელებულა”.


მოხსენებაში მინიშნებულია, რომ გამოძიების დროს აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ივარაუდოს, რომ ქართული ვერტმფრენი, რომელიც 12 მარტის ღამეს დუშეთის რაიონში ჩამოვარდა, შესაძლოა, დაბომბვაში მონაწილეობდა.


თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ მი-24 ტიპის ორ ვერტმფრენს, რომლებიც თბილისში სარემონტოდ იმყოფებოდნენ, კოდორის ხეობის დაბომბვის შემდეგ უკან, სენაკის ბაზაზე დაბრუნება უბრძანეს. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერტმფრენებმა სენაკისკენ ფრენა ვეღარ განაგრძეს. ოფიციალური ინფორმაციით, უკან დაბრუნებისას ერთ-ერთი ვეტრმფრენი პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწოდებულმა საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ ქართული მი-24 ტიპის ვერტმფრენები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას კოდორის დაბომბვაში.

Back to top button