
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერზე თავდასხმა სხვადასხვა ვერსიებს ბადებს
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე შეიარაღებული თავდასხმა თბილისში შეაფასეს, როგორც გავლენიანი აფხაზური ჯგუფების ბრძოლა ძალაუფლებისათვის.
ანქვაბის დაჯავშნულ ჯიპს, რომელიც გუდაუთიდან სოხუმის მიმართულებით მოძრაობდა, 9 ივლისს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს – ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მისი მკვლელობის უკვე მესამე მცდელობაა.
იმის გამო, რომ წინა ორი თავდასხმა ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ისევ ვერსიების დონეზე რჩება ანქვაბის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შესაძლო მიზეზები.
ქართულმა და რუსულმა პრესამ 9 ივლისს მომხდარ თავდასხმას ჯეროვანი ყურადღება დაუთმო. ქართულმა პრესამ აქცენტი ”კლანურ დაპირისპირებაზე” გააკეთა, მაშინ როცა რუსულმა პრესამ ”კრიმინალების შურისძიებაზე” გადაიტანა ყურადღება – ეს მიზეზი უკვე გაახმოვანა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
ალექსანდრე ანქვაბმა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ამჟამინდელ ლიდერს სერგეი ბაღაფშს დაუჭირა, რადგან საკანონმდებლო შეზღუდვების გამო თავად ვერ ჩაერთო საპრეზიდენტო მარათონში. ანქვაბი საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშის წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნეოდა. ბაღაფშს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა უწევდა კონკურენციას. პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში, რომელიც სადაო არჩევნებმა განაპირობა, 2004 წლის დეკემბრის ბოლოსა და 2005 წლის იანვრის დასაწყისში დასრულდა ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებით. ამ უკანასკნელმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
ანქვაბი მოგვიანებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. პირველი თავდასხმა მასზე დანიშვნიდან დაახლოებით ორ კვირაში, 2005 წლის 28 თებერვალს მოხდა. მეორე თავდასხმა 2005 წლის აპრილში განხორციელდა. ხოლო გასულ თვეს ნაპოვნი ნაღმის სამიზნედაც გარკვეულმა ძალებმა კვლავ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი მიიჩნიეს.
გაზეთ ”24 საათის” ცნობით, ანქვაბის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების სერია ”ბაღაფში-ანქვაბის გუნდს” და ”არძინბას კლანს” შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებაა – ეს არის მინიშნება აფხაზეთის ყოფილის ლიდერის ვლადისლავ არძინბას ნათესავების და მხარდამჭერების ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებზე. თვითგამოცხადებული რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მთავრობაში ”არძინბას კლანის” ინტერესებს წარმოადგენს, იტყობინება გაზეთი ”24 საათი” 10 ივლისს.
”სწორედ ალექსანდრე ანქვაბის ძალისხმევით დაიწყო არძინბების კლანის გავლენიანი წარმომადგენლებისთვის ეკონომიკურად მომგებიან სფეროებზე კონტროლის ჩამორთმევა. ხე-ტყის, ჯართის, სიგარეტის, საქონლის იმპორტის, ტურისტული ბიზნესის სარფიანი სფეროები ნელ-ნელა ანქვაბისა და მისი დაჯგუფების ხელში გადადის,” – წერს ”24 საათი”.
გაზეთის ცნობით, დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი კავშირგაბმულობის სფერო გახდა.
”არძინბების კლანი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”აკვაფონს” ფლობდა. ბაღაფში-ანქვაბის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი აფხაზეთში შეიქმნა ახალი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”ა-მობაილი”. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ”ა-მობაილის” დაფუძნებას საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა უშედეგოდ,” – წერს ”24 საათი”.
გაზეთი ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა ბაღაფში-ანქვაბის გუნდის მიერ იყო ინსპირირებული და საზოგადოებრივი აზრის მომზადებას და ”არძინბას კლანზე” გადამწყვეტი იერიშის დაწყებას ემსახურებოდა.
გაზეთი ”რეზონანსი” 10 ივლისს წერს, რომ ალექსანდრე ანქვაბი ”პროაფხაზი” პოლიტიკოსია. ამ ტერმინს ქართველი მიმომხილველები იყენებენ იმ აფხაზი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომლებიც მოსკოვთან ახლო ურთიერთობების წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა საქართველოს ერთიან სახელმწიფოში ინტეგრაციაც არ სურთ. ტერმინი ”პრორუსული” კი მათზე გამოიყენება, ვინც რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა.
”ყველაზე ძლიერ ძალად ბაღაფში-ანქვაბის ტანდემს ასახელებენ. ამ ძლიერ ჯგუფში არ ჯდება დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაციის მქონე და საბჭოთა კავშირის უშიშროების თანამშრომელი. ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტი რუსული სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდეს,” – წერს გაზეთი ”რეზონანსი”.
ამ კონტექსტში გაზეთი ”24 საათი” იხსენებს სერგეი ბაღაფშის ”საეჭვო და დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოწამვლის” ფაქტს. ოფიციალური ინფორმაციით, ის აპრილში გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.
”საგულისხმოა, რომ ის ამ პერიოდში თურქეთში აპირებდა ვიზიტს, სადაც დაგეგმილი იყო შეხვედრები აფხაზურ დიასპორასთან, რასაც უნდა მოჰყოლოდა აფხაზეთში მათი ეტაპობრივი რეპატრიაციის დაწყება. აფხაზეთში კი, სადაც აფხაზები უკვე ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, დიასპორის დაბრუნება საგრძნობლად შეცვლიდა დემოგრაფიულ ვითარებას, რაც მოსკოვისა და კონკრეტულად რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებში არანაირად არ შედიოდა,” – წერს გაზეთი ”24 საათი”.
ის ვერსია, რომ მომხდარის უკან ქართველები დგანან, ”ყველაზე არარეალურია,” – წერს რუსული გაზეთი ”იზვესტია” 10 ივლისს. გაზეთის ცნობით, ”ამ ეტაპზე მთავარ ვერსიას მაფიის შურისძიება წარმოადგენს”.
რუსული გაზეთის ”კომერსანტის” ცნობით, ”ანქვაბი მიიჩნევა არა მხოლოდ როგორც მთავარი მებრძოლი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, არამედ როგორც პიროვნება, რომელიც არც ქართული, არც რუსული მხარეებისთვის არ არის მისაღები”.
”კომერსანტის” ცნობით, აფხაზეთში ყველაზე მეტად მუსირებს ის აზრი, რომ ანქვაბზე თავდასხმა მოსკოვის მერს იური ლუჟკოვსა და აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შორის შეთანხმების ჩაშლის მიზნით მოხდა. შეთანხმება, რომელსაც მოსკოვში 9 ივლისს მოეწერა ხელი, მოსკოვის მერიის მიერ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებას ეხება.
”ბატონი ანქვაბი შესაძლოა იყოს ის პიროვნება, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ მოსკოვის მერიის მიერ ჩადებული ფული, მიზნობრივად დაიხარჯება,” – წერს ”კომერსანტი”.
თავად ალექსანდრე ანქვაბი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. ”ყველაფერს გამოძიება გვიჩვენებს,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს 10 ივლისს.