ახალი ამბები

ევროკომისია განაგრძობს ცხინვალის რეგიონის სარეაბილიტაციო პროგრამას

ევროკომისიამ 5 ივლისს დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სარეაბილიტაციო პროგრამების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.


ეს განცხადება ეწინააღმდეგება ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკომისია აპირებს შეწყვიტოს სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება, რადგან არ სურს ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელება.


2007 წლის ივლისში ევროკომისია დაასრულებს 2,5 მილიონი ევროს ღირებულების რეაბილიტაციის პროგრამის მე-3 ფაზას, რომელსაც ცხინვალის რეგიონში ახორციელებენ ეუთო, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.


ევროკომისიამ დღეისათვის გამოყო 2 მილიონი ევრო. ეს თანხა არის ნაწილი 2006-2008 წლებისთვის გამოყოფილი და კონფლიქტის ზონაში ეუთოს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეაბილიტაციის დიდი პროგრამისა, რომელიც 2006 წლის ივნისში ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად შემუშავდა.


ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რაიმე ცვლილება შეიტანოს ზემოხსენებული თანხების განაწილებაში.


”ევროკომისიას სჯერა მხარეებს შორის ნდობის აღდგენაზე მიმართული ღონისძიებების სისწორისა და მიიჩნევს, რომ ეუთოს ხელმძღვანელობით მიმდინარე პროგრამაში ევროკომისიის მიერ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი იქნება და დაეხმარება  კონფლიქტის ზონის მოსახლეობაში ნორმალური საცხოვრებელი პირობებისა და ნდობის აღდგენაზე მიმართულ ძალისხმევას,” – განაცხადა ევროკომისიამ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button