ახალი ამბები

მოსკოვის მთავრობა აფხაზეთში ინვესტიციების გააქტიურებას გეგმავს

მოსკოვის მთავრობა გააგრძელებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, განაცხადა 9 ივლისს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელი მოაწერა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.


ლუჟკოვის განცხადებით, იგეგმება ინვესტიციები, მათ შორის აფხაზეთის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.


”აფხაზეთი ისე ახლო მეზობელია სოჭის, რომ ძნელია წარმოიდგინო 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარება ისეთი კეთილი მეზობლის მონაწილეობის გარეშე, როგორიც აფხაზეთია,”- იუწყება 9 ივლისს ”რია ნოვოსტი” ლუჟკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გააფრთხილა თავი შეიკავონ საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით აფხაზეთში საინვესტიციო აქტივობებისაგან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადგენს რუსული კომპანიების ”შავი სიას”, რომელთაც უკანონოდ შეისყიდეს ქონება აფხაზეთში.


”ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა უკანონოდ შეძენილი ქონება დაუბრუნდება მის მეპატრონეს, როცა ამის დრო მოვა,”- განაცხადა 9 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.

Back to top button