ახალი ამბები

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული რეისები არ შესრულდება

ქართული ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს, რომელიც 3 ივლისს უნდა დაწყებულიყო,  აღარ შეასრულებს.


კომპანია ”ჯორჯიან ეარვეისმა” 30 ივნისს განაცხადა, რომ ზაფხულის განმავლობაში თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულების შესახებ სიტყვიერი თანხმობა მიიღო რუსეთის საჰაერო დეპარტამენტისგან. ოფიციალურ თანხმობას კომპანიაში 2 ივლისს ელოდნენ. 


თუმცა ასეთი შეტყობინება რუსეთიდან არ მოსულა, განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა აკა სანიკიძემ და აქვე დასძინა, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსული მხარის არაკონსტრუქციული მიდგომა.


საჰაერო მიმოსვლა, ისევე როგორც სხვა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოსთან რუსეთმა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ოქტომბრის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა.


თუმცა საშობაოდ და სააღდგომოდ ”ჯორჯიან ეარვეისმა” რამდენიმე ჩარტერული რეისი შეასრულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button