ახალი ამბები

ბონში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხებზე იმსჯელეს

აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის გაგრძელებაზე იმსჯელეს 27-28 ივნისს ქალაქ ბონში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო თავმჯდომარეობდა.


შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე, ხოლო აფხაზურს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენდა.


ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის განახლების საკითხი, იტყობინება 28 ივნისს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


კერძოდ, თბილისის წინადადებები მოიცავს:  უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი შეხვედრების მექანიზმის შექმნას გაეროს ეგიდით; ქართულ-აფხაზური ანტიკრიმინალური საგამოძიებო ჯგუფის ამოქმედება; 1994 წლის შეთანხმების ფარგლებში ოთხმხრივი კომისიის ამოქმედება, რომელიც იმუშავებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე; კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობა.


ქართულმა მხარემ კვლავაც მოითხოვა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა და საპოლიციო კონტიგენტის განლაგება; ასევე  ევროკომისიის სარეაბილიტაციო პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედება და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის გაგრძელება.


”აღსანიშნავია, რომ ორივე მხარის მიერ გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გასაგრძელებლად ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს,” – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


28 ივნისს ”აფსნიპრესი” სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მეგობართა ჯგუფი ორჯერ შეხვდა ცალ-ცალკე ქართულ და აფხაზურ დელეგაციებს.


”ვიმედოვნებ, რომ ბონის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი დამაიმედებელი იქნება,”- განაცხადა შამბამ.

Back to top button