
საპრივატიზაციოდ ’სტრატეგიული’ ობიექტები მზადდება
საპრივატიზაციოდ აკრძალული სახელმწიფო ქონების ნუსხა მცირდება და თუ პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო, შესაძლოა, პრივატიზაციას რკინიგზაც დაექვემდებაროს, რაც პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ერთი ნაწილის შეშფოთებას იწვევს.
მთავრობამ თხოვა პარლამენტს, რომელმაც დოკუმენტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენებით დაჩქარებული წესით მიიღოს.
კანონპროექტის თანახმად, პრივატიზაციას შესაძლოა დაექვემდებაროს შემდეგი ობიექტები:
- რკინიგზის ლიანდაგი და მასთან დაკავშირებული სიგნალიზაციის, ტელეკომუნიკაციის დისპეტჩერიზაციის და ენერგომომარაგების სისტემები;
- წყალმომარაგების სისტემების სათავე ნაგებობები, წყალსადენის სატუმბავი სადგურები და მაგისტრალური მილსადენები, საკანალიზაციო სისტემების მაგისტრალური კოლექტორები და რეგიონული გამწმენდი სადგურები;
- საფოსტო კავშირი;
- სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებები და საანტენო – საფიდერო მოწყობილობები (ტელერადიო ანძა);
- სამთავრობო კავშირის ტექნიკური საშუალებები;
- აკვატორია;
- განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა;
- სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტების სამობილიზაციო მარაგი, სახელმწიფო რეზერვი, ძვირფასი ლითონების მარაგი;
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
- დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები;
- სახელმწიფო ორგანოთა ადმინისტრაციული შენობები;
- სახელმწიფო სასაფლაოები.
ამ საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა გაიყიდოს ასევე ნავსადგურების ნავმისადგომები; ჰიდროტექნიკური ნაგებობანი; შუქურები; შუქნიშნები; ასაფრენ-დასაფრენი ზოლები; ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები; კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები; საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები; სამუზეუმო კოლექციები და ფონდები; სახლ-მუზეუმები, თუ მთავრობის მიერ დასამტკიცებელ განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხაში არ მოხვდა რომელიმე მათგანი. თუმცა კანონპროექტი არ ითვალისწინებს კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც უნდა შედგეს ”განსაკუთრებული” ქონების სია.
საპრივატიზაციოდ აკრძალული სახელმწიფო ქონების ნუსხაში დარჩება დანარჩენი ე.წ. ”სტრატეგიული ობიექტები”, მათ შორის გაზის მაგისტრალური მილსადენი, საავტომობილო გზები, წიაღისეული, საჰაერო სივრცე.
კანონპროექტი ქონების გასხვისების ორ ფორმას ცნობს: აუქციონსა და პირდაპირი მიყიდვის წესს.
ცენტრალური ხელისუფლების და ასევე ავტონომიური ერთეულების ქონების პრივატიზაციას ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ახორციელებს, ხოლო ადგილობრივ ქონებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები განკარგავენ. პრივატიზაციიდან შემოსული თანხებიც, შესაბამისად, ირიცხება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი 29 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. ოპოზიცია, ისევე როგორც უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატები და ექსპერტები მიზანშეუწონლად მიიჩნევენ ამ ეტაპზე ”სტრატეგიული ობიექტების” პრივატიზაციას.
მთავრობა აცხადებს, რომ ნებისმიერი საპრივატიზაციო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ”გონივრულად” და ”გამჭვირვალედ.”
ძირითადი აქცენტი რკინიგზის შესაძლო პრივატიზაციაზე კეთდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზის შეძენით ჩინური მხარე იყო დაინტერესებული, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
”თუ ჩვენ სარკინიგზო ხაზი გავყიდეთ, მაშინ სახელმწიფოს ფუნქცია ეკარგება, როგორც ტრანზიტულ სახელმწიფოს,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 27 ივნისს.
ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, რომელიც ამ კანონპროექტის თანაავტორია, ამ ეტაპზე რკინიგზის გასხვისება არ იგეგმება.
”მაგრამ აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზის სააქციო საზოგადოებად გადაკეთებისა და მისი აქციების ნაწილის ყიდვა შეეძლოს ხალხს,”- განაცხადა 27 ივნისს ბენდუქიძემ, რომელიც ცნობილია თავისი ულტრალიბერალური დამოკიდებულებით პრივატიზაციის პროცესის მიმართ.
ეკონომისტი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ წმინდა ეკონომიკური კუთხით რკინიგზის პრივატიზაცია, რომელიც მომგებიან საწარმოს წარმოადგენს, სრულიად დასაშვებია, თუმცა აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორები.
”რუსეთი, რომლის გეგმას ’ლიბერალური იმპერიის’ შექმნა წარმოადგენს, ანუ ეკონომიკურ ექსპანსიაზე დაფუძნებული იმპერიის, შეეცდება ხელში ჩაიგდოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა… აღსანიშნავია, რომ სომხეთის ეკონომიკას რუსეთი უკვე მთლიანად აკონტროლებს… რუსეთის ინტერესია საქართველოც მოაქციოს ამ იმპერიის სივრცეში, რადგან შემდეგ უკვე აზერბაიჯანსაც არ დარჩება სხვა გზა,” – განუცხადა ვლადიმერ პაპავამ 27 ივნისს ტელეკომპანია ”იმედს.”
რუსული კაპიტალის საფრთხეზე საუბრობს ასევე ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი. მისი თქმით, თუ საქართველო აღმოჩნდება ინტეგრირებული რუსეთის ლიბერალურ იმპერიაში, ”საუბრები ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე ძალიან სასაცილო ხდება.”
იგი ასევე მიანიშნებს, რომ მთავრობის გააქტიურება ე.წ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს რუსეთ-საქართველოს გარიგების ნაწილი, რომლის მიხედვითაც რუსეთი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს, სანაცვლოდ კი ხელში ჩაიგდებს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოში.