ახალი ამბები

სანაკოევის გამოსვლა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტზე – სრული ტექსტი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის
დიმიტრი დანაკოევის გამოსვლა
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის
კომიტეტის მე-9 სხდომაზე
26 ივნისი 2007 წელი, ბრიუსელი


პატივცემულო კომიტეტის თანათავმჯდომარეებო,
პატივცემულო ქალბატონო ისლერ-ბეგინ,
პატივცემულო ბატონო ბაქრაძე,
პატივცემულო ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო!

მოგესალმებით ყველას,
 
ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს ევროპის პარლამენტში თქვენს წინაშე გამოსვლა და ოსი ხალხის სახელით ჩემს მშობლიურ ოსურ ენაზე საუბარი.


პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომიტეტის თანათავმჯდომარეებს, ქალბატონ მარი ან ისლერ-ბეგინსა და ბატონ დავით ბაქრაძეს, აგრეთვე პერსონალურად თითოეულ თქვენგანს იმ მხარდაჭერისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა ჩემი ვიზიტი ევროპარლამენტში და გამოსვლა დღევანდელ სხდომაზე.


ჩემთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც მე წარმოვადგენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს. სულ რაღაც რამდენიმე წლის, ან თუნდაც თვის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ოსურ ენაზე გამოვიდოდა ევროპარლამენტის ტრუბუნაზე. ჩვენთვის ევროპარლამენტი არ არის მხოლოდ თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაცია – ის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ჩემი ხალხისთვის ევროპა ყოველთვის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღირსეულად ცხოვრება, როგორ შეიძლება წარსულის პრობლემების დავიწყება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანს გარანტირებული აქვს უსაფრთხო, ღირსეული, მშვიდობიანი არსებობა, სადაც დაცულია ყველა ადამიანის უფლება და ამავე დროს, შექმნილია სხვადასხვა ეროვნებების თანაცხოვრების სრულიად უნიკალური მოდელი.
 
ყოველთვის, თვით შეიარაღებული დაპირისპირების უმძიმეს წლებშიც კი, ევროპა რჩებოდა ჩვენთვის, როგორც შორეული ოცნება. ოცნება იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილების მომავალი. დღეს ეს ოცნება ისე ახლოა, როგორც არასოდეს. ამის იმედს იძლევა ის ცვლილებები, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. საქართველო ბრუნდება ევროპაში, რომელიც ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი გარემო. საქართველოსთან ერთად ევროპაში უნდა დაბრუნდეს ჩემი კუთხეც, სამხრეთ ოსეთი. საქართველოში დღეს შენდება ლიბერალური დემოკრატია, სადაც არ არსებობს ადამიანთა დისკრიმინაცია ეროვნების, რელიგიის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით. დღევანდელ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა თანაბრად არის ქვეყნის თანამეპატრონე. სწორედ ასევეა ჩემი ხალხიც, ოსები.  


დღეს მე მოგმართავთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, როგორც ოსი ერის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა უბედურება, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში დაატყდა თავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. 


უდავოა, რომ კონფლიქტი, რომელსაც სათავე დაუდო მანკიერმა საბჭოთა მემკვიდრეობამ, ეთნიკურად მოტივირებულმა აგრესიულმა ნაციონალიზმმა, ორივე მხარის მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა და გარეშე ძალის პოლიტიკამ, რომელიც იმპერიულ პრინციპს – “გათიშე და იბატონე” – ეყრდნობოდა, უნდა დამთავრდეს და ჩაბარდეს ისტორიას, როგორც ტრაგიკული და სამარცხვინო ლაქა ოსთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების მატიანეში.
 
დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება დაფიქრება იმაზე, თუ რა გზას დავადგეთ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, შემოვუნახოთ  თაობებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურა. 


ამაზე ფიქრმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ კონფლიქტის სამართლიანი, მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთნდობის, ურთიერთპატივისცემის აღდგენის გარეშე. ეს კი მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებით მიიღწევა.


საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ნება კონფლიქტის რეალური, ურთიერთკომპრომისებზე დაფუძნებული გადაწყვეტისა. სწორედ ამ ნების გამოხატულებაა ის აღმშენებლობა, რომელსაც ბოლო პერიოდში ჩაეყარა ჩვენთან საფუძველი და რომელმაც დაბადა კონფლიქტის საბოლოო და მშვიდობიანი მოგვარების იმედი. გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ქართველები და ოსები ისევ ძმურად იცხოვრებენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ამ რწმენამ გვიბიძგა მე და ჩემს თანამოაზრეებს, შეგვექმნა მშვიდობისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა და სათავეში ჩავდგომოდით ახალ დროებით ადმინისტრაციულ ერთეულს.


ჩვენთან ადამიანები პროტესტმა მოიყვანა. წლები გადის, რაც ე.წ. ”გაყინული კონფლიქტის” პირობებში ყოველდღიურად იტაცებენ და ხოცავენ ადამიანებს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი და ოსი თანამოქალაქეები ხვალინდელი დღის მუდმივ შიშში ცხოვრობენ. ჩვენ შეგვიძლია ამას ერთობლივად დავუსვათ წერტილი. ჩვენი ხალხები უკეთეს მომავალს იმსახურებენ.  ჩვენ გვინდა, დღეს ვიცხოვროთ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იქნება დაცული. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ერის ასეთი მომავალი ერთიან, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოშია, სადაც დაცული იქნება ყველა ერის, მათ შორის ოსების ეროვნული თვითმყოფადობა და თითოეული მოქალაქის უფლებები.


ამ რწმენამდე მე და ბევრმა ჩემმა თანამოაზრემ რთული გზა განვვლეთ. კონფლიქტის დასაწყისში მე თავად ვიდექი ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდის მეორე მხარეს. ბევრი ოსი გულწრფელად მიიჩნევდა, რომ საფრთხე მათ ეროვნულ თვითმყოფადობას ემუქრებოდა. ბევრმა მათგანმა იარაღი აიღო ხელში. მეც მათ შორის ვიყავი. მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ხალხებს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩიხში მოვექეცით.


გამოსავალი ერთადერთია – პირდაპირი დიალოგი ქართველ და ოს ხალხებს შორის, გარე და შიდა დესტრუქციული ძალების განეიტრალება, მისი ჩანაცვლება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ჯანსაღი და ეფექტური თანადგომით. დიალოგს სჭირდება ნებისყოფა, ძალისხმევა და რაც მთავარია – დიალოგს სჭირდება შესაბამისი გარემო და მეგობრები, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ კრიტიკულ სიტუაციებში. სწორედ ამიტომ, ნდობის მშენებლობისა და ეკონომიკურ რეაბილიტაციაში განსაკუთრებით დიდია ევროკავშირის როლი. საჭიროა, რომ ანტიდემოკრატიულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ  გაბედული სამშვიდობო ინიციატივები და ეკონომიკური განვითარების პროექტები.


ვიცი, რომ საჭირო იქნება გარკვეული კომპრომისებიც, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ, ქართველი და ოსი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობას, გვეძლევა უნიკალური შანსი – შევქმნათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ოსებსა და ქართველებს შეუძლიათ, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე აშენონ ერთიანი სახელმწიფო. ამაში ვხედავ მე ჩვენი ადმინისტრაციისა და ჩემი, როგორც ოსი ხალხის წარმომადგენლის დანიშნულებას.


ეს მშვენივრად ესმით ცხინვალის დღევანდელ მმართველებსა და მათ უცხოელ ‘’ზედამხედველებს’’, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთა შორის შუღლის გასაღვივებლად. მათი მიზანია  ძირშივე აღიკვეთოს ნდობის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა, რათა თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანები გაატარონ რეგიონში.


ცხინვალში პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს იმისათვის, რომ მოსახლეობაში არსებობდეს მომავლისადმი მუდმივი შიში და სიძულვილი ჩვენი ქართველი ძმების მიმართ.


ცხინვალში რეჟიმის კრიტიკაში ეჭვმიტანილებზე ნადირობაა გამოცხადებული. ფაქტიურად, ოსი ხალხი იქცა იმ რეჟიმის მძევლად, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის დიქტატით კონფლიქტის ზონაში არსებულ სტატუს კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.


სამხრეთ ოსეთი თანდათანობით იცლება ოსური მოსახლეობისგან. ამას ემსახურება ადგილობრივი რეჟიმის მახინჯი საკადრო პოლიტიკაც: ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თანამდებობებიდან ადგილობრივი მკვიდრების, ოსების გამოძევება და მათი ჩანაცვლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების  წარმომადგენლებით, რომლებიც ჩვენი ხელით ჩვენივე მომავალს ანადგურებენ.


ჩვენი ოსი ბავშვები იზრდებიან გაუთავებელი კონფლიქტის პირობებში, მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში. მათ არ აქვთ ნორმალური ბავშვობა. მათ არ იციან, რა ხდება ავტომატიანი ჯარისკაცების მიერ გამაგრებული შლაგბაუმებისა და ბლოკპოსტების მიღმა. სამაგიეროდ, იციან როგორ იშლება და იწყობა ავტომატი, იციან, როგორ დადის ჯავშანტრანსპორტიორი და როგორ გუგუნებს ჰაუბიცა.


და ასე გვეზრდება თაობები. უფრო სწორად, ასე გვეღუპება თაობები! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ეს არის ჩემი ერის დღევანდელი კატასტროფა! ცხინვალი, ზნაური და ჯავა დღეს ძალადობის ტყვეობაშია მოქცეული! იქ მცხოვრები ჩვენი შვილები იზრდებიან ძალადობრივი რეჟიმით დაწნეხილ და დათრგუნულ საზოგადოებაში. თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ თაობებს!


მე ამას არ დავუშვებ! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! მე ამისთვის არ მიბრძოლია!


მე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. ვიბრძოლებ იმისთვის, რაც დღეს უკვე შესაძლებელია.


ვიბრძოლებ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მშობლებს ბავშვები საგუშაგოდან საგუშაგომდე კი არ გადაჰყავდეთ, არამედ სკვერებსა და სათამაშო მოედნებზე ასეირნებდნენ. რომ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი სკოლები და საბავშვო ბაღები, რომ ისინი აწყობდნენ კონცერტებს და დგამდნენ სპექტაკლებს, რომ მოზარდებს ჰქონდეთ კომპიუტერი, მონაწილეობდნენ სპორტულ და სამეცნიერო ოლიმპიადებში და აღწევდნენ წარმატებებსაც. 


ეს არის ნამდვილი თავისუფლება! ადამიანთა არჩევანისა და შესაძლებლობების თავისუფლება! ეს არის ის თავისუფლება, რომლისთვისაც მე ვიბრძოლებ!


ამ მომავალს ალტერნატივა არა აქვს! – ეს არის ყველაფერი, რაც შესაძლებელია გაკეთდეს დღესვე!
 
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენმა ულამაზესმა კუთხემ, ოსეთმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთანაც აღმოცენდება მსოფლიო დონის კურორტები, სადაც ივლის მთელი საქართველო, სადაც ივლიან უცხოელებიც, ოღონდ არა საომრად, არამედ დასასვენებლად და სიამოვნების მისაღებად.


სადაც ჩამოვლენ არა ჯარისკაცები, არა სამხედრო დამკვირვებლები, არამედ ტურისტები და ბიზნესმენები, სპორტსმენები და მომღერლები. ნებისმიერი ქვეყნის იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მოლაპარაკებებზე ჩამოდიან, მომავალში სტუმრებად, გნებავთ ტურისტებად დავპატიჟებთ.


სადაც სიხარულით ჩამოვლენ, დიდი ოსური კულტურის დასაფასებლად, ჩვენი განუმეორებელი ოსური ცეკვის სანახავად. ჩვენი ტრადიციების პატივსაცემად, ჩვენი უსაზღვრო სტუმართმოყვარეობის სიყვარულით, ჩვენი განუმეორებელი სილამაზის ეშხით.


ოს ხალხს ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსათვის! ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ მსოფლიო მხოლოდ ძალადობის კერად გვიცნობდეს! კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ ოსეთი უნდა იქცეს მშვიდობის, ტურიზმის ზონად.
 
ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა! ეს არის ჩვენი დღევანდელი მიზანი! შევქმნათ ახალი ოსეთი, ძლიერი და ლაღი, ძალადობისგან თავისუფალი და თავისუფალი ხალხის ოსეთი.


ჩვენი გზა არის გზა თავისუფლებისაკენ! გზა ძალადობის ტყვეობიდან – შესაძლებლობების თავისუფლებისაკენ!


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერის გადარჩენის ერთადერთ გზად მიმაჩნია რეგიონის სრული დემილიტარიზაციის დაუყოვნებლივი დაწყება, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით ოსებისა და ქართველების პირდაპირი დიალოგის წამოწყება და ორმხრივი კომპრომისების ხარჯზე ურთიერთნდობის აღდგენა. იმედი მაქვს, რომ ასეთი მიდგომა მტკიცე საფუძველს ჩაუყრის საერთო სახელმწიფოს მშენებლობას ოსური მოსახლეობის ინტერესების გარანტირებით.


უახლოესი წარსულის ჭრილობათა მოშუშებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლების სწორ, თანმიმდევრულ და საბოლოო შედეგზე გათვლილ ნაბიჯებს. ჩვენი ადმინისტრაცია მზად არის, მაქსიმალურად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში. ჩვენ ვხედავთ ცენტრალური ხელისუფლების გულწრფელ სურვილს. ბევრი რამ უკვე გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ სამომავლოდ გასაკეთებელი განუზომლად უფრო მეტია.


მიმაჩნია, რომ ქართულ-ოსური ყოვლისმომცველი დიალოგის საბოლოო შედეგად უნდა იქცეს რეგიონისათვის ფართო ავტონომიისა და ოსი ხალხისათვის პოლიტიკური წარმომადგენლობისა და კულტურული თვითმყოფადობის გარანტირება ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში.


ამას წინ უნდა უძღვოდეს და თან ახლდეს ერთობლივი სოციალური,  ეკონომიკური და კულტურული პროექტები. ასეთი პროექტები იქნება ნიადაგი ნდობის მშენებლობისათვის, კონფლიქტით დატანჯული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ევროკავშირის, იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელსაც თქვენგან იღებს ჩვენი რეგიონი. მაგრამ, ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი დახმარება არ უნდა გახდეს ცხინვალის რეჟიმის პოლიტიკური კაპრიზების მსხვერპლი. დახმარება უნდა ემსახურებოდეს მთლიანად რეგიონს, მთელს მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ როგორც უშუალოდ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.


პირველი რიგის ამოცანებს შორის არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ქონების რესტიტუციის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ამუშავება. რესტიტუციის პროცესის დაწყება იქნება კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ათასობით ადამიანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი მიზანია არა განყენებული პოლიტიკური დეკლარაციების მიღება, არამედ ადამიანებზე ზრუნვა, ყველა დაზარალებულის უფლებების დაცვა და აღდგენა, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ნდობის გაძლიერება. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის, პირველ რიგში – ევროკავშირის მონაწილეობა. ევროკავშირის მხრიდან რესტიტუციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერა გააჩენს სრულიად ახალ შესაძლებლობას, გააქტიურდეს ევროპის მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. თქვენი ჩართვა გააჩენს რწმენას მოსახლეობაში, რომ ჩვენ სამართლიან საქმეს ვაკეთებთ და ამ საქმეს მხარს უჭერს დემოკრატიული ევროპა. ამიტომ, მე გთხოვთ, სერიოზულად განიხილოთ რესტიტუციის პროცესში ევროკავშირის ფინანსური მონაწილეობის შესაძლებლობა და მხარი დაუჭიროთ ჩვენს იდეას.


ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიის მოდელისა და ოსი ხალხისათვის პოლიტიკური წარმომადგენლობისა და კულტურული თვითმყოფადობის გარანტირების შესაქმნელად. ახლო მომავალში იგეგმება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის გაგრძელება შეჯერებული მოდელის შესამუშავებლად. თუმცა, უკვე ამ ეტაპზევე შემიძლია გულწრფელად გითხრათ – მიუხედავად საერთო ამოცანისა, არის ბევრი საკითხი, სადაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან განსხვავებული ხედვა გვაქვს. ჩვენ ბევრს ვკამათობთ, თუ როგორ უკეთესია ამ საერთო ამოცანის შესრულება. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში კომპეტენტური, ობიექტური და კეთილგანწყობილი არბიტრის მონაწილეობა. სწორედ ასეთი არბიტრია ევროპა. ჩვენ გვინდა ნამდვილი ევროპული ტიპის ავტონომია, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის სამხრეთ ტიროლში ან ბევრ სხვა რეგიონში და რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ერთიანობის, ეთნიკური თვითმყოფადობისა და ყველა ადამიანის ინდივიდუალური უფლებების ერთდროულ დაცვას. იმედი გვაქვს, რომ ევროპა, ევროპული ინსტიტუტები, პოლიტიკოსები და ექსპერტები აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ დებატებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. ჩვენ გთხოვთ და მოგიწოდებთ, იყოთ უფრო აქტიურნი.


ამავე დროს, არ შემიძლია, პირადად ჩემი და ოსი ხალხის სახელით არ გამოვხატო ჩვენი უზარმაზარი მადლიერება იმ აქტიურობისათვის, რომელსაც ევროპარლამენტი დღემდე იჩენდა. მე ვიცი, რომ დღეს ამ დარბაზში არიან ადამიანები, ვინც ყველაფერი გააკეთა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დადგენილებების მისაღებად – უღრმესი მადლობა ყველას. ეს დადგენილებები ჩემი ხალხისთვის არის იმედი, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები, რომელთაც აღელვებთ სამხრეთ ოსეთის მშვიდობა და კეთილდღეობა, მეგობრები, რომლებიც კრიტიკულ წუთებში ჩვენს გვერდით დგანან.


ჩემი ღრმა რწმენით, კონფლიქტის მოგვარების გასაღები სწორედ ევროპაშია – ბრიუსელში, სტრასბურგში, პარიზში, ბერლინში, ვენაში, ბრატისლავაში, ვარშავაში, ვილნიუსში – თავისუფალი ევროპის ყველა ქვეყანასა და დედაქალაქში.    კონფლიქტის მოგვარების გასაღები ევროპულ და დემოკრატიულ  საქართველოშია. კონფლიქტის მოგვარების გასაღები ევროპულ და დემოკრატიულ სამხრეთ ოსეთშია. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თქვენს აქტიურ მონაწილეობაშია, ევროპული დიპლომატიის გაააქტიურებაშია. კონფლიქტის მოგვარების გასაღები ყველა იმ ადგილობრივ ძალასთან დიალოგშია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ემიჯნება მშვიდობიან პროცესებს და უცხო ძალების სამსახურის გამო ზიანს აყენებს საკუთარ მოსახლეობას.


ჩვენ მზად ვართ გარდაქმნებისთვის. ჩვენ მზად ვართ შენებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენ ხელს ვუწვდით ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს სამხრეთ ოსეთში, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი, ევროპელი პოლიტიკოსების აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი. იყავით აქტიურნი, რომ დავეხმაროთ ოს ხალხს და სამხრეთ ოსეთის მთელს მოსახლეობას. იყავით აქტიურნი, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ამდენი მსხვერპლისა და ზიანის მომტანი კონფლიქტი. იყავით აქტიურნი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი. იყავით აქტიურნი, რომ ერთად შევძლოთ ის, რაც ცოტა ხნის წინ შეუძლებელი ჩანდა. ჩვენ ერთად გვაქვს შანსი, და ამ შანსის არგამოყენება მომავალი თაობების წინაშე დანაშაული იქნება.  
 
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა არის დროშა, რომლის ქვეშაც ქართველებსა და ოსებს საერთო ისტორიული გამარჯვებები მოუპოვებიათ ერთიანი საქართველოს ძლიერების ოქროს ხანაში. მჯერა, რომ ამავე დროშის ქვეშ ჩვენ ორი მოძმე ერის ახალ ერთობლივ წარმატებებს ჩავუყრით საფუძველს. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე და, იმავდროულად, დიდ წინაპართა საკადრის სახელმწიფოს, სადაც ჩვენი შვილები ბედნიერად იცხოვრებენ.


ეს არის ჩვენი უზენაესი მიზანი. მე მადლობას გიხდით ყველას, რადგან დღევანდელმა დღემ კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა ამ მიზნის მიღწევას.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მე მზად ვარ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

Back to top button