skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი გმობს სანაკოევის ვიზიტს ბრიუსელში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაგმო თბილისის მცდელობა დიმიტრი სანაკოევი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ წარმოაჩინოს.


25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის მცდელობა სანაკოევს საერთაშორისო ასპარეზზე გაუკვლიოს გზა ”ცინიკური და უპერსპექტივოა”.


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ბრიუსელში იმყოფება, სადაც კონფლიქტის დარეგულირების ხედვაზე ისაუბრებს საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის რიგით მე-9 სხდომაზე.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ”ზოგიერთი უცხოური ქვეყნის და საერთაშორისო სტრუქტურის” მიერ საქართველოს მხარდაჭერა უბიძგებს თბილისს ”გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისკენ”.


”თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს ნამდვილად აინტერესებთ ქართულ-ოსური კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი მოგვარება… სამხრეთ ოსეთის კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობის ნდობით და მხარდაჭერით სარგებლობს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისი კანონიერი უფლებით და გამოიყენოს საერთაშორისო ტრიბუნა ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირების შესახებ საკუთარი პოზიციისა და ხედვის დასაფიქსირებლად,” – ნათქვამია განცხადებაში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button