ახალი ამბები

პარლამენტი განათლების მინისტრს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია დეპუტატების წინაშე რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო საათის ფორმატში მიმდინარე კვირას წარსდგება.


ოპოზიცია რამდენიმე კვირაა რაც ლომაიას მისვლას ითხოვს პარლამენტში. მინისტრს მოუწევს უპასუხოს დეპუტატების შეკითხვებს მისი უწყების მიერ 40 მლნ-მდე ლარის ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა სამინისტრომ გაფლანგა.


თუმცა გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე ლომაია მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს ”უსაფუძვლოს, აბსურდულს და პოლიტიკური ქულების ჩაწერით ნაკარნახევს” უწოდებს.


”მივალ და პასუხს გავცემ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც პარლამენტარებს გაუჩნდათ… ამავე დროს, ვასაბუთებთ, რომ კონტროლის პალატის წინა შემადგენლობის მუშაობას, მმართველობითი და სამართლებრივი კუთხით, ბევრი რამ აკლდა,”- აცხადებს ლომაია 25 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ განათლების მინისტრი განგებ აჭიანურებდა პარლამენტში მისვლას, რათა კონტროლის პალატის ახალ ხელმძღვანელობას მის უწყებაში გამოვლენილი დარღვევები გაექარწყლებინა.


ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა, პარლამენტში მისულიყო პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელვაჩაურის რაიონში ეკლესიის დანგრევასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებებით, არ შესრულდება.


”ეს თემა უკვე ამოწურულია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შემდგომ რეაგირებას ეს ნამდვილად აღარ საჭიროებს,”- განუცხადა ჟურნალისტებს დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button