ახალი ამბები

ექსპერტები საქართველო-ირანის ურთიერთობებს პერსპექტიულს უწოდებენ

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ირანისთვის ”ტრაგიკული” არ არის და ხელს არ უშლის საქართველოსთან პრაგმატული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, განაცხადეს ქართულ-ირანული ურთიერთობებსა და რეგიონალური უსაფრთხოების თემაზე თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა.   
 
19-20 ივნისს ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” მასპინძლობდა დისკუსიას, რომელსაც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანუჩერ მოჰამადი ესწრებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ გახდება ირანის წინააღმდეგ აშშ-ს პლაცდარმი.
 
მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამოიკვეთა ის ეკონომიკური მიმართულებებიც, რომლებზეც სექტემბერში საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. ”სივილ ჯორჯია” 20 ივნისს დისკუსიის მონაწილე ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.
 
თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი:
 
პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ორივე მხრიდან მოხდა ამ შეხვედრაზე ერთგვარი ფანტომებისაგან გათავისუფლება, რადგან როდესაც ჩვენ არ ვურთიერთობთ გარკვეული გაუცხოება და კომპლექსები გვიჩნდება.


ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო მოსასმენი, რომ ირანი არ ახდენს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დრამატიზებას და ისინი აღნიშნავენ, რომ თურქეთს ჰქონდა მსგავსი ურთიერთობები ამერიკასთან, თუმცა ამას მათთვის ზიანი არ მოუტანია.
 
თუმცა ისინი ასევე შეშფოთებულები არიან იმით, რომ აშშ-ს მხრიდან ანტიირანულ კამპანიის შემთხვევაში არ მოხდეს, ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება.


ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, სხვათაშორის, გაბალის სადგურთან დაკავშირებით. [ივნისში დიდი რვიანის სამიტზე რუსეთმა აშშ-ს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იჯარით აღებული გაბალის რადარის ერთობლივი ექსპლოატაცია შესთავაზა, როგორც ევროპაში ირანის საფრთხის გასანეიტრალებელი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების ალტერნატივა]. ირანელებმა თქვეს, რომ გაუკვირდათ როგორ შეიძლება ვიღაცას ის შესთავაზო, რაც შენ თვითონ დაქირავებული გაქვს და მეორე, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არასერიოზული შეთავაზებაა.


ის, რომ აშშ-სთან ვმეგობრობთ იმას არ ნიშნავს, რომ ირანს არ უნდა ველაპარაკოთ. პირიქით, შეიძლება გამოვდგეთ კიდეც გზად და ხიდად, რომელიც დააკავშირებს ამ ორ სახელმწიფოს.


ირანელები ასევე ყოველგვარი ემოციების გარეშე უყურებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და თვლიან, რომ ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი და მათთვის საფრთხე ამაში არ არსებობს.
 
საინტერესოა ირანის ხედვა ევროკავშირთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ ევროკავშირის როლის გააქტიურება რეგიონში მისასალმებელია და საქართველოს ევროპასთან დაახლოება ირანს აწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა თვალსაზრისით.


აღინიშნა ისიც, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული ფიქრი ენერგო სფეროში თანამშრომლობაზე. ყველას გვახსოვს ამერიკის პოზიცია, როდესაც გვირჩია ირანთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე თავი შეგვეკავებინა გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა მე არა მგონია, რომ ამერიკის პოზიციაა, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე იყოს დამოკიდებული. ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, რაც ენერგომოწოდების დივერსიფიკაციას გულისხმობს.


ენერგეტიკული ურთიერთობები არ უნდა შემოიფარგლოს ირანიდან მხოლოდ გაზის მოწოდებით და უნდა მოხდეს ამის უფრო კაპიტალიზაცია, ხანგრძლივ კონტაქტებში და ინვესტიციებში  გადაზრდა.  მაგალითად ენერგეტიკის სფეროში საუბარია ქარის ელექტრო ენერგეტიკის განვითარებაზე, რაშიც ირანს საკმაოდ გამოცდილება გააჩნია.


ამ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ეკონომიკა ორივე მხრიდან მთლიანად აუთვისებელია, თუმცა ისიც აღმოჩნდა, რომ ჩვენ ირანში ინვესტიციებსაც კი ვახორციელებთ. საუბარია საწარმო ”მადნეულის” აქტივობაზე ირანის ბაზარზე.
 
ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის დარჩეს იმ დონეზე როგორც ახლა არის და ის უფრო პრაგმატული უნდა გახდეს. 
 
არჩილ გეგეშიძე – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი:
 
ეს მრგვალი მაგიდა ხელს უწყობს პოზიციების უკეთ გარკვევას და იმ უდიდესი პოტენციალისთვის გზების გამოძებნას, რომელიც ირანსა და საქართველოს შორის არსებობს.
 
სამწუხაროდ,  პოტენციალსა და ურთიერთობებში არსებულ დონეს  შორის არის უდიდესი სხვაობა და ჩვენ ვერ ვიყენებთ ამას.  პრობლემაა იმაშიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების სიღრმეებში მიდის ჩვენი ურთიერთობები. 


გარდა ამისა საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია უშლის ხელს ურთიერთობების აწყობას. ამ სიტუაციაში საქართველოს და ირანს განსხვავებული ადგილი, როლი და განვითარების ვექტორი აქვთ. ამ დროს მე ამაში შეუთავსებელს ვერაფერს ვხედავ, რადგან უფრო ინტენსიური დიალოგის პირობებში ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთს ძალიან კარგად მოერგოს ისევ და ისევ საქართველო-ირანის ურთიერთობების საკეთილდღეოდ.
 
შესაძლოა გარკვეულ ეპიზოდებში საქართველომ შეასრულოს შუამავლის როლი აშშ-ირანის ურთიერთობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიატორის მუდმივმოქმედ ფუნქციას შეიძენს.   
 
ერაყში სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ [საქართველომ] გარკვეული კონსულტაციები გავმართეთ ირანის მხარესთან. ასეთ პარტნიორთან კონსულტაცია თავისთავად სწორი ნაბიჯი იყო საქართველოს მხრიდან და ეს ასევე პოზიციურ ჭრილში შეფასდა ირანის მხრიდანაც.
 
პირველ რიგში, უდიდესი პოტენციალი აქვთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ირანი უზარმაზარი ენერგორესურსების მფლობელია, საქართველოს კი დღეს და მითუმეტეს პერსპექტივაში, ძალიან სჭირდება ენერგოუსაფრთხოებისათვის სანდო პარტნიორი.
 
აღინიშნა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მეტი კოორდინაციის საჭიროება. ორივე მხრიდან არის მზაობა და გაგება იმისა, რომ ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. 
 
ირაკლი მენაღარაშვილი –  საგარეო ურთიერთობების საბჭო, 1995-2003 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი:
 
ირან-საქართველოს ურთიერთობები ძალიან ღრმა ისტორიაში მიდის. დღეს ისინი გასაგები მიზეზების გამო არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ პერსპექტივის გათვალისწინებით ირანი საქართველოსთვის ძალიან სერიოზული პარტნიორი და რეგიონის მეზობელია.
 
ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოშია, ამ სერიოზულ მეზობელთან უფრო ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობაა შესაძლებელი.
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმ დელიკატურობის მომენტს, რაც ირანის ურთიერთობებს ახასიათებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მოუგვარებელ საკითხს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით და ა.შ., მაგრამ ამასთან ერთად, დიალოგის რეჟიმი ამ ქვეყანასთან არასოდეს არ უნდა შეწყდეს. და ეს ამოცანა წყდება სწორედ ჩვენს შორის.
 
მე იმედი მაქვს, რომ ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია არანაკლებად, ვიდრე ირანის. დიალოგი უფრო შინაარსიანი უნდა გახდეს, ვიდრე აქამდე იყო.



 

Back to top button