
თბილისი ცხინვალს ბლოკადის მოხსნისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს
ქართული მხარე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს რეგიონის დასახლებული პუნქტების მიმართ მოხსნას საგზაო ბლოკადა, აღადგინოს რეგიონის შეუფერხებელი წყალმომარაგება და განაცხადოს თანხმობა კონსტრუქციულ დიალოგზე.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც ნათქვამია, რომ ცხინვალის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ”უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს რეგიონის მოსახლეობას”.
”მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია რეგიონში არაკონტროლირებადი გზებით რუსეთიდან შეიარაღებისა და ”მოხალისეთა” შემოსვლის აღკვეთა, რეგიონის დემილიტარიზაციის განხორციელება, სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის სრულფასოვანი შესრულება, სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების საკითხების მთელი კომპლექსის განხილვა… ძალაშია ქართული მხარის შეთავაზება, რათა დაიწყოს ყველა ამ პრინციპული საკითხის განხილვა,” – ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა ცხინვალს ულტიმატუმის ენით საუბრისაგან თავშეკავება ურჩია. ”დაძაბულობის მიზეზები უკეთესია მათ [დე ფაქტო ხელისუფლებამ] საკუთარ თავში ეძებონ,”- დასძინა მან.
კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 15 ივნისს მას შემდეგ დაიძაბა, რაც მხარეებმა დამატებითი ძალები განალაგეს ქართული სოფლების ნიქოზისა და ავნევის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, სადაც ქართული მხარის მიერ შემოვლითი გზის მშენებლობას ცხინვალი სტრატეგიული მოსაზრებებით კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სამხრეთ ოსური მხარე იტყობინება, რომ ამჟამად სიტუაცია განიმუხტა, რადგან მხარეებმა თავიანთი ძალები გაიყვანეს.
”თუმცა ოსური მხარე მიიჩნევს, რომ პრობლემა ამოწურული არ არის და საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა არ იქნას დაშვებული ამ ადგილზე ქართული პოზიციების შემდგომი გამყარება,”- აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 15 ივნისს.
დღესვე ოსური მხარე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ცხინვალში გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ მიიღებს ადეკვატურ ზომებს, თუ არ გავლენ ქართული ქვედანაყოფები. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა და ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე იტყობინება კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით , რომ მსგავს სიტუაციაში რუსმა სამშვიდობოებმა გაცილებით პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ.
დღევანდელი ინციდენტის დროს რუსი სამშვიდობოები მხარეებს შორის განლაგდნენ. ასევე გაიმართა ინციდენტის ადგილას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის შეხვედრა.