ცხინვალის რეგიონში ახალი გზის მშენებლობა დაძაბულობას იწვევს
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 15 ივნისს განაცხადა, რომ მათ ცხინვალის დასავლეთით შეიარაღებული ძალები განათავსეს, რათა არ მისცენ ქართულ მხარეს საშუალება რეგიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყოს.
”სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ქართულმა მხარემ 160-მდე სპეცრაზმელი განათავსა [ოსურ] სოფელ ხეთაგუროვოსთან საზღვარზე – ადგილი, სადაც [ქართული მხარისთვის] სტრატეგიული გზის მშენებლობა იგეგმება. სამხრეთ ოსეთის მხარემ ასევე განათავსა ამ მონაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი საგუშაგოები, რათა ხელი შეუშალოს ამ გზის მშენებლობას. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით [ქართულ და ოსურ] მხარეებს შორის [რუსული] სამშვიდობო ჯარები განლაგდნენ,”- იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 15 ივნისს.
ქართული მხარე ახალ გზას აშენებს, რათა ორი ქართული სოფელი – ნიქოზი და ავნევი ერთმანეთს დაუკავშიროს.
ერთი გზა, რომელიც ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით სოფელ ავნევს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უკავშირებს, უკვე არსებობს. თუმცა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ახალი გზის მშენებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოსურმა მხარემ ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.
თუმცა, ცხინვალი აცხადებს, რომ ახალ გზას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რადგანაც ის ცხინვალისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირდება, რაც საომარი მოქმედებების შემთხვევაში ქართულ მხარეს უპირატესობას მიანიჭებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)