ახალი ამბები

ოპოზიცია საბიუჯეტო ცვლილებას ”არაგამჭირვალობის” გამო აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტმა 8 ივნისს 133 ხმით 12 წინააღმდეგ დაამტკიცა 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება, რომელიც ხარჯების 600 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა, ოპოზიციამ გააკრიტიკა ეს ცვლილება და მას არაგამჭირვალე უწოდა.


სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, 2007 წელს ხარჯების საერთო მაჩვენებელი 4.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.


დაფინანსების უდიდესი წილი – 442 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროზე მოდის, რის შედეგადაც 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 955.3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა დეპუტატებს 8 ივნისს.


თავდაცვის სფეროს გაზრდილი დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ხარჯების გაზრდის შედეგად დამატებით 114.2 მილიონ ლარს მიიღებს, თავდაპირველად დაგეგმილი 67 მილიონი ლარის ნაცვლად.


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დასაფინანსებლად 12.4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


დანარჩენ სფეროებზე დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:


საგზაო ინფრასტრურის რეაბილიტაცია – 29.1 მილიონი ლარი;
განათლების სამინისტრო – 11.7 მილიონი ლარი სკოლების სარეაბილიტაციო პროექტებისთვის;
ენერგეტიკის სამინისტრო – 10.8 მილიონი ლარი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის;      
სასაზღვრო პოლიცია – 3.5 მილიონი ლარი საზღვრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის;
გარემოს დაცვის სამინისტრო – 370,000 ლარი;
ცენტრალური საარჩევნო კომისია – 300,000 ლარი.


ძირითადი დებატები საპარლამენტო მოსმენის დროს შემოთავაზებული ცვლილების, როგორც ოპოზიციამ განაცხადა, ”არაგამჭირვალობამ” გამოიწვია.


”გაზრდილი ბიუჯეტის თითქმის 80% თავდაცვის სამინისტროს მოხმარდება, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია სად და როგორ დაიხარჯება ეს სახსრები. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ეს თავდაცვის ბიუჯეტის კონფიდენციალური ნაწილია, მაგრამ გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, სად მიდის მათი ფული,” – განაცხადა დავით გამყრელიძემ, ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციის ლიდერმა.


მაისში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ დამატებითი დაფინანსების უმეტესი ნაწილი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება, ხოლო 60 მილიონი ლარი  სამხედრო ოფიცრების დაბინავების პროგრამისთვის გამოიყოფა. მან ასევე განაცხადა, რომ დამატებითი დაფინანსება ასევე დასჭირდა საქართველოს კონტიგენტის გაზრდას ერაყში, კოალიციური ძალების ფარგლებში.   


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს თავდაცვის ბიუჯეტის იმ ”საიდუმლო პუნქტების” გახმოვანება, რომელიც შესყიდვებს შეეხებოდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ უარყო ეს წინადადება და მას ”არასერიოზული” უწოდა.


”რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიიღონ პასუხები ზუსტად იმ კითხვებზე, რომლებიც თქვენ დასვით,”- განაცხადა დეპუტატმა ელდარ კვერნაძემ მმართველი პარტიიდან.


”ამ ინფორმაციის არ გამჟღავნებით, ჩვენ მას მხოლოდ ჩვენ საკუთარ მოსახლეობას ვუმალავთ. რუსებმა ამის შესახებ უკვე იციან… ჩეხეთის მხარემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სურს თავისი თვითმფრინავები და იარაღი საქართველოს მიყიდოს. ეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს,” – განაცხადა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სამხედრო შესყიდვების თაობაზე საიდუმლოდ უნდა დარჩეს, თუმცა დასძინა, რომ პარლამენტს გააჩნია მექანიზმი აკონტროლოს ამ სახსრების ხარჯვა ე.წ. ”ნდობის ჯგუფის” მეშვეობით.


პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც მმართველი პარტიიდან ოთხი დეპუტატი შედის, ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე, მათ შორის თავდაცვის დახურული ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგზეც არის პასუხისმგებელი. ოპოზიციას ჯგუფში წარმომადგენელი არ ჰყავს.


ოპოზიციამ ჯგუფის წევრობის კანდიდატად დეპუტატი დავით გამყრელიძე დაასახელა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მისი კანდიდატურა ჩააგდო და ოპოზიციას სხვა დეპუტატის დასახელება შესთავაზა. თუმცა ოპოზიციას სხვა კანდიდატი აღარ დაუსახელებია. 


ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა ასევე უარყო ოპოზიციის ბრალდებები და მათ ”უსაფუძვლო” უწოდა. მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი ”საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის”. 


 

Back to top button