ახალი ამბები

პარლამენტი ერაყში ქართული კონტინგენტის გაზრდას უჭერს მხარს

პარლამენტმა 8 ივნისს 145 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ინიციატივას ერაყში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტის 850-დან 2000 სამხედრომდე გაზრდის თაობაზე. შედეგად, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კოალიციურ ძალებში.


გაზრდილი კონტინგენტი, რომელიც ერაყში ივნისში გაემგზავრება, ვასითის პროვინციაში განლაგდება, სადაც  ბაღდადიდან 185 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ალ კუტის და ირანთან საზღვრის პატრულირებას განახორციელებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა საპარლამენტო განხილვის დროს 8 ივნისს. ქართული კონტინგენტი აშშ-ს არმიის მე-3 ქვეითი დივიზიის ნაწილი გახდება.


”რაოდენობის შეცვლის გარდა, ასევე იცვლება ოპერაციის ფორმა და ხარისხი,” – განაცხადა ქიტოშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს სარდლობა მონაწილეობას მიიღებს ”ადგილზე ოპერაციების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.


ამჟამად, ქართული კონტინგენტი ბაღდადსა და ბაქუბაშია განთავსებული.


”ამჟამად, მათი მთავარი ამოცანაა სხვადასხვა ობიექტების დაცვა. თუმცა, დამატებითი კონტინგენტის ამოცანები შეიცვლება. ჩვენი ბრიგადის ზომის შენაერთი ირანთან საზღვარზე განლაგდება და მისი მთავარი ამოცანა იქნება პატრულირება და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა,” – განაცხადა ქიტოშვილმა.


მაისში რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ქართული კონტინგენტი ვასითის პროვინციაში იარაღის უკანონო შემოტანის აღკვეთაზე იქნება პასუხისმგებელი.


”არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული შეიარაღება გადმოდის ირანის ტერიტორიდან ერაყში, რაზეც დღესდღეობით რეაგირება ვერ ხდება და გადმოდის სწორედ ამ პროვინციის გავლით, რაზეც ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ რეაგირება, რაც გულისხმობს რომ გარკვეულ წილად დაძაბულობა იქ გაჩნდება,” – განაცხადა კეზერაშვილმა.


8 ივნისს საპარლამენტო მოსმენის დროს დიმიტრი ქიტოშვილმა აღნიშნა, რომ ვასითი ”ერაყის ყველაზე წყნარი პროვინციაა”, თუმცა ”ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა უკვე თავისთავად ნიშნავს გარკვეული რისკების ზრდასაც”.


ერაყში მოსამსახურე ქართველი სამხედროების მინიმალური ხელფასი, რაც რიგით ჯარისკაცებს აქვთ, 1 100 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური – 3 000 აშშ დოლარს, განაცხადა ქიტოშვილმა.  


”ამ თანხის, დაახლოებით, 2/3-ს ამერიკული მხარე იხდის,” – დასძინა მან.


ქიტოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჯარისკაცებს ”უზარმაზარი მოტივაცია” აქვთ, რომ ერაყში იმსახურონ, ”როგორც მათი მომავალი სამხედრო კარიერის, ასევე ფინანსური მიზეზების გამო”.


2003 წლის აგვისტოდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ პირველი სამხედრო კონტინგენტი გააგზავნა ერაყში, 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა.   


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან საქართველოს გადაწყვეტილებას ერაყში კონტინგენტის გაზრდის თაობაზე ”უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობის” ნაბიჯი უწოდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად.


ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობამ მხარდაჭერა გამოხატა ამ გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ამავე დროს სიფრთხილით მოეკიდა მას.  


დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ ”გადაწყვეტილება უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებს” პარლამენტის თითოეულ წევრს.

”რადგანაც ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს,” – განაცხადა ხაინდრავამ, თუმცა დასძინა, რომ ჯარისკაცები ნებაყოფლობით მიდიან ერაყში სამხედრო სამსახურში.  


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არის ის, თუ რატომ აკეთებს ამას საქართველო ერაყში აშშ-ს ოპერაციის მიმართ მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე.


”მოდით წარმოვიდგინოთ საუბრის ვარიანტი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ნატოს შტაბბინაში ბრიუსელში: ამერიკელები ამბობენ, რომ დროა საქართველოს გავუხსნათ გზა შემდგომი ნაბიჯისთვის ნატოს მიმართულებით… თუმცა, ამის საპასუხოდ, რომელიმე ჰოლანდიელი, ესპანელი ან იტალიელი პოლიტიკოსი იტყვის: ჩვენ ვერ გავუხსნით ნატოს კარებს ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკიც ზედმეტია, სადაც სისტემატურად ირღვევა საკუთრების უფლება. ამერიკელები კი უპასუხებენ: მაშინ როცა თქვენ გამოგყავთ თქვენი ჯარები ერაყიდან, ქართველებს შეყავთ იქ თავიანთი სამხედროები. ამას არ გავუწიოთ ანგარიში? მართლაც რთულია ამაზე პასუხის გაცემა,” – განაცხადა ხაინდრავამ.


”ამრიგად, დასკვნა ასეთია, რომ კომპენსაცია პრობლემებისა დემოკრატიის სფეროში, კანონის უზენაესობის სფეროში, არჩევნების, საკუთრებისა და ადამიანის უფლებების სფეროში ხდება საქართველოს მიერ სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდით ერაყში. ეს მდგომარეობა სამწუხაროა, იმიტომ რომ ყველაფერი მოწესრიგებული რომ გვქონოდა სხვა სფეროებში, შეიძლება ასეთი რთული არჩევანის წინაშე ჩვენ არ დავმდგარიყავით,” – დასძინა მან.


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას და მას მსოფლიოსადმი ”მნიშვნელოვანი გზავნილი” უწოდა.


”საქართველომ იცის მშვიდობისა და სტაბილურობი ფასი და ასევე იცის მეგობრობის ფასი. ჩვენ მივესალმებით ჩვენი მეგობარი ერების მხარდაჭერას,” – განაცხადა მან კერჭისყის შემდეგ. 

Back to top button