ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის სიკვდილის მიზეზების დადგენას ითხოვს

ოპოზიციური პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და სამართალდამცავი ორგანოების მაშინდელი პირველი პირების დაკითხვას თხოვს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების მიზნით.


კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მამამისს, ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლია და იგი მოკლეს.


”კატეგორიულად მოვითხოვ დაიკითხონ – ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ იოსელიანი, თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი, ავთანდილ მარგიანი, ანზორ ბალუაშვილი, ჯამლეტ ბაბილაშვილი, შოთა კვირაია, იგორ გიორგაძე და გივი ლომინაძე. ასევე ზუგდიდის რაიონის სოფლებში [სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა] 1992-93 წლებში მოქმედი ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები,” – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ.


დღემდე უცნობია 1993 წლის დეკემბერში სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, რაზეც ორი არაოფიციალური ვერსია არსებობს: ერთი ის, რომ იგი მოკლეს და მეორე, რომ თითქოს თავი მოიკლა.


2007 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვამდე ოჯახმა საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტიზაზე უარი განუცხადა მას შემდეგ, რაც პირველი პრეზიდენტის ნეშტს გადმოსვენებამდე შესაბამისი გამოკვლევა რუსეთში ჩაუტარდა. თუმცა ექსპერტიზის შედეგების გამჟღავნებისაგან ოჯახმა თავი შეიკავა.


 

Back to top button