
მნიშვნელოვანი ბერკეტი
თბილისი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პოზიციას არ თმობს
საქართველოს ”ერთადერთი და პრინციპული” პირობა – მოხდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე გამშვები პუნქტების ლეგალიზება – რუსეთისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების გზაზე კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე 31 მაისს თბილისში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან მაქსიმ მედვედკოვთან დახურულ კარს მიღმა შვიდი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას. თუმცა შეხვედრამ მხარეთა პოზიციები ერთმანეთს ვერ დაუახლოვა.
მოლაპარაკებებზე ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე მოქმედი ”განთიადი-ადლერის” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-გამშვები პუნქტები.
”ამ მოლაპარაკებებმა აჩვენა ის, რომ რუსეთს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ სურს მოაგვაროს ეს პრობლემა [სასაზღვრო პუნქტების ლეგალიზება] და შესაბამისად, შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო 2004 წელს, როდესაც ჩვენ [საქართველო-რუსეთი] დავასრულეთ ორმხრივი მოლაპარაკებები. თუმცა ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებების ფარგლებში [რუსეთის დელეგაციამ] აღიარა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული გამშვები საბაჟო პუნქტები ფუნქციონირებს არალეგალურად, საქართველოსთან შეუთანხმებლად,” – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ თამარ კოვზირიძემ.
საქართველომ და რუსეთმა ჯერ კიდევ 2004 წლის მაისში – როდესაც ორივე ქვეყანას ურთიერთობების დათბობის მცდელობა ქონდათ – ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თბილისის ფორმალურ თანხმობას ნიშნავდა.
ამ ხელშეკრულებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება, რომ მოაგვარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტების ლეგალიზების პრობლემას.
თუმცა თბილისმა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია 2005 წლის ნოემბერში შეცვალა და მოსკოვს 2004 წელს ნაკისრი ვალდებულებები გაუხსენა. მას შემდეგ თბილისი პოზიციას არ იცვლის.
თუმცა რუსეთი, რომელიც ჩქარობს რომ ვმო-ში გაწევრიანების პროცედურები წელს დაასრულოს, აცხადებს, რომ სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტები პოლიტიკური საკითხია, რომელსაც საერთო არ აქვს ვმო-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებთან.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა საკითხია. ვმო-ში გაწევრიანება არ უკავშირდება გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას,”- განაცხადა მედვედკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ”მთავარი საკითხია – არის თუ არა ეს [სასაზღვრო გამშვები პუნქტები] ვმო-სთან კავშირში.”
”ჩვენ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვინდა, რომ რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები,”- განაცხადა თამარ კოვზირიძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მორიგი რაუნდი სავარაუდოდ, ივლისში გაიმართოს, თუმცა ადგილი და ზუსტი თარიღი შეთანხმებული ჯერ არ არის.
დროდადრო, ქართულ პრესაში და პოლიტიკური სპექტრის ერთ ნაწილში ჩნდებოდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თბილისს მოუწევდა დათმობაზე წასვლა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აშშ დათახმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას.
თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, საქართველოს პარტნიორები გაგებით ეკიდებიან თბილისის ”ლეგიტიმურ მოთხოვნებს” და მათგან არანაირი მცდელობა არ არის, რომ ქართულმა მხარემ პოზიციები დათმოს.
ოფიციალური პირების თქმით, თბილისი არ აპირებს მის ხელთ არსებული სერიოზული ბერკეტი ისე გაუშვას ხელიდან, რომ ამის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი დათმობები არ მიიღოს რუსეთისგან.
ერთ-ერთი ვარიანტი, რის მიღწევასაც, სავარაუდოდ, ქართული მხარე ცდილობს არის ე.წ. დნესტრისპირეთის მოდელის დამკვიდრება რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე.
როგორც ცნობილია, მოლდოვა-უკრაინის დნესტრისპირეთის სასაზღვრო მონაკვეთს ევროკავშირი უწევს მონიტორინგს, რაც კონტრაბანდის აღკვეთის მიზანს ემსახურება. მაგრამ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის კეთილი ნების საფუძველზე. რუსეთს, იმის გამო რომ მოლდოვასთან საზღვარი არ აქვს, ამ საკითხის გადაწყვეტაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.