
ბაღაფში მოლაპარაკებათა ფორმატში ცვლილებების წინააღმდეგია
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში განაცხადა, რომ სოხუმი თბილისთან სამშვიდობო შეთანხმების დადების მომხრეა, რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება, რადგან ’შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება მოუწევს”.
თუმცა ქართული მხარე მზადაა მოაწეროს ხელი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას, თუ ამ დოკუმენტში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტიები იქნება გათვალისწინებული და იმავდროულად, რუსული სამშვიდობო ფორმატი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლდება.
სერგეი ბაღაფშმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის მცდელობას.
”სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ქმედებები ადასტურებს მის მისწრაფებას განდევნოს რუსეთი მოლაპარაკებათა პროცესიდან და დააკნინოს გაეროს როლი ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესში,”- იუწყება 30 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ”მყიფე მშვიდობის” შესანარჩუნებლად აუცილებელია გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამოყენება.
თუმცა, აქვე, ბაღაფში ქართულ მხარესთან შეწყვეტილი მოლაპარაკებების აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვს თბილისის მიერ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მისი თქმით, მოლაპარაკებები ქართული მხარის მიზეზით არის შეწყვეტილი.