
ოპოზიცია სახალხო დამცველის მოხსენების ფონზე კრიტიკას აძლიერებს
საპარლამენტო უმრავლესობამ 25 მაისს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კრიტიკულ მოხსენებას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მისი იგნორირებით უპასუხა.
სახალხო დამცველის მოხსენება
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 25 მაისს პარლამენტის სხდომათა თითქმის ცარიელ დარბაზში გამოსვლისას საკუთრების უფლებებზე, პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
სუბარის განცხადებით, გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატმა სულ 3 500 განცხადება მიიღო მოქალაქეებისგან. ეს მაჩვენებელი 2005 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.
”თუმცა ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტები გაიზარდა ქვეყანაში. ამ ტენდენციის მიზეზი ალბათ ხალხის რწმენის გაზრდაა ჩვენი სამსახურის მიმართ,”- განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, შეუძლებელია განსაზღვრო გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება.
”მაგალითად, მნიშვნელოვნად იკლო დაკავებულთა წამების ფაქტებმა პოლიციის მხრიდან; თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლებების შელახვის მნიშვნელოვანი ზრდა,” – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, იმ საქმეთა უმეტესობაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა კერძო საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით გამოიძია, უკანონო ქმედებები იკვეთება და ”ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს”.
”მაგალითად, ოზურგეთში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი ჩამოართვა ადგილობრივ მოსახლეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ იქ წყლის რეზერვუარის მშენებლობა გადაწყვიტა. როდესაც ჩვენ ვკითხეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ინციდენტის თაობაზე, მათ გვიპასუხეს, რომ მიწის ნაკვეთი არ დაუბრუნდებოდა მის მეპატრონეს, რადგანაც მიწა კარგი მიზნებისთვის სჭირდებოდათ,” – განაცხადა სუბარმა.
”კიდევ ერთ შემთხვევაში, სიღნაღში ადგილობრივ მოსახლეს დაემუქრა ადგილობრივი ხელისუფლება, რომ პოლიცია მის შვილს ნარკოტიკებს ”ჩაუდებდა”, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყოდა თავისი ქონების ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაცემაზე და ისიც დათანხმდა,” – დასძინა სუბარმა.
თავის მოხსენებაში, სუბარმა ასევე გაიხსენა სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის გახმაურებული მკვლელობების საქმეები.
”ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე საქართველოში უმოკლეს დროში – 6 სასამართლო სხდომაში დასრულდა, დაცვის შუამდგომლობები არ იყო დაკმაყოფილებული მაშინ, როცა ეს ბევრ ახალ გარემოებას მოფენდა ნათელს… პროცესზე ბრალდებას ახორციელებდნენ დაზარალებულები და მათი ადვოკატები, ბრალდება და მოსამართლე კი ყველა სადაო საკითხში ერთ პოზიციაზე იყვნენ,”- განაცხადა მან.
”მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი გაასამართლეს ამირან რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომელთაც მტკიცებულებები გააყალბეს, ჯერ არ დასჯილან,” – განაცხადა სუბარმა.
სახალხო დამცველმა პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო ჩადების პრობლემასთან დაკავშირებით მაგალითად მოიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ირაკლი კოდუასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც სუბარის განცხადებით, სამი უდანაშაულო პირის დაპატიმრებაში, წამებასა და ”პირადი შურისძიების” მიზნით მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა.
თუმცა, სუბარმა აქვე აღიარა, რომ გარკვეულ პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, პოლიციის მიერ ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები 2006 წელს შემცირდა.
”2005 წელს სპეცოპერაციების შედეგად 22 მოქალაქე, ხოლო 2006 წელს – 18 მოქალაქე გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლის კლება დაიწყო თბილისში [2006 წლის] 2 მაისის სპეცოპერაციისშემდეგ. მას შემდეგ რაც გაიზარდა შს სამინისტროს მიმართ კრიტიკა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ბოლო პერიოდში გარდაცვალების ფაქტებმა იკლო,”- აღნიშნა სუბარმა.
დეპუტატების რეაქცია
იმ ათობით შეკითხვიდან, რომელიც დეპუტატებმა სახალხო დამცველს მისი მოხსენების მოსმენის შემდეგ დაუსვეს, მხოლოდ ორის ადრესატნი იყვნენ კოლეგები საპარლამენტო უმრავლესობიდან.
მმართველი პარტია შეეცადა ამ მოხსენების მნიშვნელობის დაკნინებას. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერიამ მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხსენებაში ახალი არაფერი იყო და რომ ყველა განცხადება უსაფუძვლო და არარეალურია.
”მან [სუბარმა] სამწუხაროდ მთელ [სახალხო დამცველის] ინსტიტუტს შეულახა რეპუტაცია,” – განაცხადა ბოკერიამ.
თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოსმენა ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკის გაძლიერებისთვის გამოიყენეს.
”სიტუაცია არ გაუმჯობესდება ამ საკითხების იგნორირებით. ეს შემთხვევები, რომლებიც სახალხო დამცველმა ახსენა, თქვენი დუმილით არ გაქრება,” – მიმართა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან კოლეგებს უმრავლესობიდან.
”ამ მოხსენებაში აღწერილი ფაქტები არის ქვეყანაში არსებული ტენდენციის ნათელი გამოხატულება, რაც წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ არის მხოლოდ ცალკეული საქმე, არამედ უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა, რისი გაკეთებაც ამ მოხსენების წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია,” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა.
”ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა დაასამარა. სასამართლო სისტემა უზურპირებულია პროკურატურის მიერ… რატომ არავინ არ დაისაჯა კერძო საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის გამო? იმიტომ, რომ მათ [ზურაბ] ადეიშვილი [გენერალური პროკურორი] ართმევდა… ეს ის საკითხები და კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემის გეშინიათ – მე თქვენ გულისხმობთ ბატონო ბოკერია და თქვენ, საპარლამენტო უმრავლესობავ,” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ.
მოსმენა გვიან საღამოს დასრულდა ისე, რომ მმართველ პარტიას პასუხი არ გაუცია, რადგანაც სხდომის დრო ამოიწურა. თუმცა, პარლამენტის სხდომის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოსმენა მომავალ სასესიო კვირაში გაგრძელდება.