
სახალხო დამცველი 2006 წლის ანგარიშით წარსდგა პარლამენტში
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღეს პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში გასულ წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მოხსენებით წარსდგა. მისი გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ჭარბობდნენ.
სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა გასულ წელს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების, პროკურატურაში არსებული დარღვევების, პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის, საკუთრების უფლებების დარღვევებისა და შეკრებება/მანიფესტაციების უფლების შელახვის ფაქტებზე.
მან ასევე ისაუბრა სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, 2 მაისის სპეცოპერაციისა და სხვა გახმაურებულ ფაქტებზე, რაც პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებით გამოყენებას უკავშირდებოდა.
მან სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესს ”პრეცედენტული” უწოდა იმ თვალსაზრისით, რომ ”ის 6 სასამართლო სხდომაში დასრულდა, დაცვის შუამდგომლობები არ იყო დაკმაყოფილებული მაშინ, როცა ეს ბევრ ახალ გარემოებას მოფენდა ნათელს… პროცესზე ბრალდებას ახორციელებდნენ
დაზარალებულები და მათი ადვოკატები, ბრალდება და მოსამართლე კი ყველა სადაო საკითხში ერთ პოზიციაზე იყვნენ ”.
სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა, სასამართლოს ”არაადეკვატურ გირაოებზე”.
”ერთ შემთხვევაში, მკვლელობაში ბრალდებულს 30 ათასი ლარი შეუფარდა სასამართლომ გირაოს სახით, ხოლო 5 ათასი ლარის უსაქონლო ოპერაციაში ბრალდებულს კი 2 მლნ ლარი,”- განაცხადა მან.
სახალხო დამცველმა მოხსენებაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფატებს. მისი ინფორმაციით, 2005 წელს სპეცოპერაციების შედეგად 22 მოქალაქე, ხოლო 2006 წელს – 18 მოქალაქე გარდაიცვალა.
”მას შემდეგ რაც გაიზარდა შს სამინისტროს მიმართ კრიტიკა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ბოლო პერიოდში გარდაცვალების ფაქტებმა იკლო,”- აღნიშნა მან.
სახალხო დამცველმა პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო ჩადების პრობლემასთან დაკავშირებით მაგალითად მოიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ირაკლი კოდუასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც სუბარის განცხადებით, სამი უდანაშაულო პირის დაპატიმრებაში, წამებასა და ”პირადი შურისძიების” მიზნით მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა.
”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პირების მიმართ მოხდა მტკიცებულებების ფაბრიკაცია, თითქოს არსებობდა კრიმინალური დაჯგუფება, არადა მსგავსი დაჯგუფება არ არსებობს. ადგილი ჰქონდა განზრახ ჩვენების შეცვლას და მართლმსაჯულების განზრახ შეცდომაში შეყვანას,”- განაცხადა მან.
პროკურატურის მხრიდან დარღვევებზე საუბრისას, სახალხო დამცველმა ახსენა ირაკლი ბათიაშვილის საქმე, სადაც დაცვის მხარესთან მიმართებაში ”ძალიან ბევრი” დარღვევა დაფიქსირდა.
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები ორი მიმართულებისაა: გადავსებული საპყრობილეები და პატიმრების გაუსაძლისი მდგომარეობა და მეორე, ადმნისტრაციის მხრიდან პატიმრებთან ცუდი მოპყრობა, წამება, ღირსების შელახვა, განაცხადა სახალხო დამცველმა.
”როცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ციხის თანამშრომელთა წინააღმდეგ ისინი უნდა იყვნენ დასჯილნი და არა მხოლოდ დაქვეითებულნი ან გაშვებული სამსახურიდან,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი ინფორმაციით, 2006 წელს 92 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო წელს 45 პატიმარი, ”რაც ხშირ შემთხვევაში პენიტენციალური სისტემის სამედიცინო პერსონალის გულგრილობის ბრალია”.
სახალხო დამცველის განცხადებით, გასულ წელს ”ძალიან ბევრ” მესაკუთრეს ჩამოერთვა ქონება, ”სადაც უმრავლეს შემთხვევებში ქონება იყო აბსოლუტურად კანონიერი. ჩვენ ყველა ამ საქმეზე რეაგირება და უკანონობის ჩამდენი პირების დასჯა ვითხოვეთ,”- დასძინა მან.
მისი თქმით, საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებზე სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიტანა დაზარალებულის სასარგებლო განაჩენი.
სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების დარბევის შემთხვევებზეც, რასაც ”თან სდევს დაკავების ადმინისტრაციული ვადების სამართალდარღვევა”.
”16 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, როცა მარნეულში აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს,”- განაცხადა სუბარმა.
სახალხო დამცველმა აქვე აღნიშნა, რომ მისი აპარატი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს რეაგირება მოახდინოს და შეისწავლოს ყველა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი, რაზეც მას მიმართავენ.
ოპოზიცია მიესალმა სახალხო დამცველის მოხსენებას და მას ”ადეკვატური” უწოდა.