
პარლამენტი სახელმწიფო რწმუნებულების სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მსჯელობს
დღეს დეპუტატებმა მეორე მოსმენით, 108 ხმით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულებს სამართლებრივ საფუძველს უქმნის და ადგილობრივ თვითმმართველობების მიმართ მათი ზედამხედველობის ფუნქციებს განსაზღვრავს.
აქამდე თუ გუბერნატორები მხოლოდ პრეზიდენტის რწმუნებულები იყვნენ, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ისინი მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან რეგიონებში. კანონპროექტის თანახმად, მათ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შედეგად დანიშნავს.
კანონპროექტის მიხედვით, რწმუნებულს, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, შეეძლება მიმართოს პრეზიდენტს არჩეული საკრებულოს საქმიანობის შეჩერებისა ან დათხოვნის თაობაზე. ასევე რწმუნებულს ზედამხედველობის კომპეტენციის ფარგლებში ენიჭება ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებაც.
ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე გააკრიტიკა აღნიშნული ინიციატივა, როგორც ხელისუფლების ცენტრალიზაციისაკენ მიმართული კიდევ ერთი მცდელობა და თვითმმართველობების უფლებების შეზღუდვა.
სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი მიიჩნეოდა, როგორც რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების განმახორციელებელი დროებითი რგოლი, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დღემდე არ არის მოქცეული.