ახალი ამბები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაში საფრთხეებს ხედავენ

მთავრობის არგუმენტი, რომ საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) შექმნა ეკონომიკის მაღალი ტემპებით ზრდას გამოიწვევს, ”უსუსურია”, განაცხადა ”სივილ ჯორჯიასთან” ინტერვიუში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა ვლადიმერ პაპავამ. თუმცა დარწმუნებით დასძინა, რომ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ”პოლიტიკოსები ხშირად ან პირადი ინტერესებით მოქმედებენ ან გარკვეული ვალდებულებებით არიან შებოჭილნი”. 


მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ინფლაციის ზრდისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, ”მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”. მისი თქმით, ამ მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკაცაა.


პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში დაამტკიცებს საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივას. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვს ამ იდეის მიმართ და რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ასეთი ზონების შექმნა?


მე მაქვს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ამ იდეის მიმართ, თუმცა ყოველთვის უარყოფითად განწყობილი არ ვიყავი, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში თვითონ [ეკონომიკის მინისტრის რანგში]ვმუშაობდი შესაბამის კანონპროექტზე. აღსანისნავია, რომ ამის პარალელურად ქვეყანაში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია. ამ პროცესის შედეგად უკვე აზრს კარგავდა თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რადგან ქვეყანაში, თუ ისედაც ლიბერალური რეჟიმი იყო, რაღა საჭირო იყო კიდევ დამატებითი ტერიტორიის შექმნა, სადაც შეღავათები იმოქმედებდა.


2000-2001 წლებში აჭარის ყოფილმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ დააყენა ინიციატივა შექმნილიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა. მაშინდელ კანონპროექტში სათაურით ”სპეციალური ეკონომიკური ზონები”, ერთ-ერთი შეღავათი იყო მოგების გადასახადის განახევრება. 


გულახდილად გეტყვით, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ კვლავ აღმოვჩნდებოდით ამ აბსურდის თეატრში.  მითუმეტეს, რომ ”ვარდების რევოლუციის” მერე გადაიდგა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები ლიბერალიზაციის მიმართულებით:


პირველი, მაღალი საბაჟო ტარიფები, რომელიც შემოღებული იქნა საბაჟო კოდექსში 2000 წლის მერე და რომლის ერთ-ერთი ინიციატორი იმდროინდელი ფინანსთა მინისტრი [ზურაბ ნოღაიდელი] იყო, კვლავს დაბრუნდა იმ დონეზე, რაც იყო გაზრდამდე. დღეს საბაჟო ტარიფი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეა 12%-ია, სამშენებლო მასალებზე- 5%, დანარჩენი კი განულებულია.  


მეორე, მნიშვნელოვნად გამარტივდა ლიცენზიები და ნებართვები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაზე და განხორციელებაზე.


ამ ლიბერალიზაციის ფონზე ნამდვილად არ მეგონა, თუ თეზ-ის იდეა კიდევ გაცოცხლდებოდა.

დღეს თეზ-ის შექმნის იდეა კიდევ უფრო უაზროა, რა არის ამის მიზეზი საერთო უცოდინრობა თუ კერძო, პირადი ინტერესები, ნამდვილად არ ვიცი. ვინც ამაში დაინტერესებულია, ალბათ ფიქრობს, რომ საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს განახორციელებს.


დღეს კანონპროექტი შემოთავაზებულია სახელით ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების” შესახებ, რაც თეზ-ის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და თავად სახელწოდება მიუთითებს მიმართულებას, მაგრამ კანონპროექტიდან ირკვევა, რომ აქ საერთოდ არანაირ დარგობრივ მიმართულებაზე არ არის საუბარი.


სხვა სიტყვებით, იდეა ის არის, რომ შემოფარგლულ ტერიტორიაზე უნდა იყოს შეღავათები. თუ ასლან აბაშიძის გუნდი ვერ ბედავდა, რომ მოგების გადასახადი გაეუქმებინა და მხოლოდ განახევრებას ითხოვდა, დღეს უკვე განულებაზეა საუბარი. იგივეა ქონების გადასახადზეც და ასევე გათვალისწინებულია მულტი სავალუტო რეჟიმი.


ჩემი პოზიცია არის შემდეგი: თუ ეს შეღავათები არის იმის მასტიმულირებელი, როგორც მთავრობა გვარწმუნებს, რომ ეს გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, რად გვინდა, რომ ეს იყოს მაინცდამაინც 10 ან 20 ჰექტარზე? მოდით ეს ეკონომიკური ზრდა იყოს მთელ ქვეყანაში, განვითარდეს სრულიად საქართველო და ამიტომ ეს შეღავათები გავავრცელოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს შემოთავაზებული იდეა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის შესახებ?


როგორც კი ასეთ კანონს მიიღებ, პირველი, რაც მოხდება არის ის, რომ ზონა  ნაკლებ კონტროლირებადი გახდება; და მეორე,  დგება საკითხი, რომელ რეგიონში უნდა შეიქმნას იგი. თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ფოთი, მაგრამ ეს, რომ მარტო ფოთზე არ გაჩერდება. ხომ დღესავით ნათელია, რომ ყველა მაჟორიტარი დეპუტატი შეეცდება თავის რაიონში მიაღწიოს იგივეს.


ყველა მეზობელი სახელმწიფო შეეცდება თავის მახლობელ ტერიტორიასთან პროვოცირება გააკეთოს ასეთი ზონის შექმნის. ისედაც პრობლემები გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ რატომ ვქმნით ისეთ ტერიტორიებს, რომელიც არა კონტროლირებადია.


საფრთხეები კი შემდეგია: ამ ტერიტორიებზე წავა ისეთი ოპერაციები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ნაკლებ კონტროლირებადი იქნება და რაც მთავარია, ამაში ჩართვას მოინდომებენ მოსაზღვრე რეგიონები მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ყოველთვის მეგობრულად არ არიან საქართველოს მიმართ განწყობილნი. ვგულისხმობ იმას, რომ არის პრეტენზიები ეთნიკურად ჭრელ რაიონებში, რომლებიც ითხოვენ რაღაც დამატებით უფლებებს, რომლებიც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად ჯდება. იქ შევა ისეთი კაპიტალიც, რომელიც ხშირად დასავლური კაპიტალის საბურველში იქნება, თუმცა განახორციელებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ინტერესებს და ბუნებრივია, ეს ყოველთვის არ იქნება მისაღები.


ვთქვათ გვთხოვეს  ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, რომ იქ [სასაზღვრო რეგიონებში] უნდა შეიქმნას თეზ-ი, იმ ამერიკელებმა, რომლებიც ჩვენი მეზობლების ეთნიკური წარმომავლობის არიან.  ხომ კარგად ვიცით, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა ამერიკელებმა დაბლოკეს და რა ინტერესების გამოც, ესეც ხომ ნათელია. 


ასეთი ზონები შეიძლება ასევე გახდეს ფულის გარეცხვის, სხვადასხვა უკონტროლო ოპერაციების ჩატარების ობიექტი. ისედაც ქვეყანაში მონეტიზაციის დონე არის დაბალი ანუ ეკონომიკას ემსახურება სამჯერ მეტი ფული, ვიდრე არის აღრიცხული.


თუ მულტისავალუტო რეჟიმს დავუშვებთ, მაშინ ყველა მომიჯნავე ტერიტორიებზე გაჩნდება, ჩვენი მეზობლების ვალუტა. გვინდა ხელიდან გავუშვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ხელიდან?


90-იან წლებში ირანელი და სომეხი ბიზნესმენები ეხვეწებოდნენ [ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ] შევარდნაძეს, რომ მას ფოთში რამდენიმე ტერმინალი მიეცა საკუთრებაში ან იჯარით  ირანისთვის და სომხეთისთვის. მე არც ირანის და არც სომხეთის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მე ვარ მომხრე კავკასიაში ეკონომიკური ინტეგრაციის, მაგრამ ვის ხარჯზე, მხოლოდ საქართველოს ხარჯზე?


მე აბსოლუტურად არავის არ ვუპირისპირდები, მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ და ის უცვლელია იმისდა მიუხედავად, რომელი მთავრობიდან მოდის ეს ინიციატივა ასლან აბაშიძის მთავრობიდან, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო თუ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსული მიხეილ სააკაშვილის მთავრობიდან.


არგუმენტი, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა მისცემს ქვეყანას ძალიან მაღალი ტემპებით ზრდას, ჩემთვის არის უსუსური  იქიდან გამომდინარე, რომ თუ თავისუფალ ზონაში დასაშვები ლიბერალიზაციის კიდევ უფრო მეტი გაღრმავება არის ამის გარანტი, მაშინ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე არა მარტო 10 ჰექტარზე მარნეულში, ფოთში, ლაგოდეხში თუ თბილისში, არამედ დავაყენოთ ფეხზე სრულიად საქართველო. და მიმზიდველი იყოს საქართველო არა 10 ჰექტარზე, არამედ საერთოდ ქვეყანა.


გასული წელს ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, მათ შორის საგარეო ფაქტორების გავლენით, ინფლაციური პროცესები საკმაოდ არასტაბილური იყო. 2006 წელი, ოფიციალური მონაცემებით 8,8%-იანი ინფლაციით დასრულდა . რამ განაპირობა ეს და ასევე ლარის გამყარების  ტენდენცია?


მე ინფლაციის ამ ციფრის არ მჯერა და ნებისმიერი მოქალაქე დამეთანხმება, რომ ინფლაცია ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე 8,8%.


უნდა შეგახსენოთ, რომ ივლისში, როცა სტატისტიკის დეპარტამენტმა დააფიქსირა 14,5%, თუმცა რეალურად ალბათ უფრო მეტი იყო და ამას მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკაცრი კრიტიკა, შედეგად მთავრობამ სტატისტიკის დეპარტამენტი ხელმძღვანელი მოხსნა. ამის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელმა თანდათანობით დაიწყო კლება. ანუ თუ ხელმძღვანელს შეცვლი და მოიყვან ისეთს, რომელიც დაგიჯერებს, მერე რასაც გინდა იმ ციფრს მიიღებ.


ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არის ძალიან საინტერესო და რთული. ანუ პოზიტიურ მოვლენებს ნეგატიური ეფექტები სდევს თან. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაიზარდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ამან კი საქართველო გახადა მიმზიდველი და ჩამოვიდა სხვადასხვა უცხოური კომპანიებიდან ინვესტიციები.


ინვესტიციების ზრდამ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გადმორიცხვებმა და ასევე პრივატიზაციაში უცხოური კომპანიების მონაწილეობამ ძალიან დიდი მასით შემოიტანა საქართველოში უცხოური ვალუტა და პირველ რიგში, დოლარი, თუმცა ლარის მასა დარჩა იგივე. ამან  გამოიწვია დოლარის კურსის ვარდნა. ლარის გამყარება კი ზღუდავს ექსპორტს, ანუ მეწარმეს აღარ აქვს ინტერესი ექსპორტზე გაიტანოს თავის საქონელი იმიტომ, რომ შემოუვა დოლარი ან ევრო, რაც ლარში ფასს კარგავს.


თუმცა ექსპორტი მხოლოდ ლარის გამყარებით არ დაზარალდა ჩვენთან. ამაზე რუსეთის ემბარგომ მოახდინა უდიდესი გავლენა. ლარის გამყარება იწვევს იმ ეფექტსაც, რომ პოტენციალურ ინვესტორსაც აღარ სჭირდება აქ ფულის ჩადება იმიტომ, რომ საქართველოს ბაზრის მასშტაბი იმდენად მცირეა, რომ ინვესტორმა იმთავითვე ექსპორტზე უნდა იფიქროს, რაც კურსის გამყარების გამო მისთვის მიუღებელია. ამდენად, ლარის ზედმეტი გამყარებით ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს მიმზიდველობა და გამყარება არის თავისთავად ძალიან ცუდი მოვლენა.


იმისათვის, რომ ლარი ზომაზე მეტად არ გამყარებულიყო, ეროვნული ბანკმა დოლარები ამოიღო ბრუნვიდან ანუ იყიდა ლარით და გაუშვა ბრუნვაში ლარის დამატებითი მასა.  ამას ერთი პოზიტივი ჰქონდა, რომ შეივსო ეროვნული ბანკის რეზერვები, თუმცა ბრუნვაში გასულმა ზედმეტმა ლარმა ხელი შეუწყო ინფლაციას. 


მაგრამ ინფლაცია გააღრმავა მთავრობის მოქმედებამაც. მთავრობის მიერ გადასახადების გადახდის მოთხოვნის გაძლიერებამ, რაც თავისთავად კარგია ბიუჯეტისთვის, ირიბად ხელი შეუწყო ლარის გამყარებას.


ამას ემატება მთავრობის უზომოდ დიდი ხარჯები საზოგადოებრივ სამუშაოებზე. გზების დაგება ეკონომიკისთვის საჭიროა, მაგრამ ეფექტი მას მოაქვს შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლევადიან პერსპექტივაში კი ხარჯია, რომელიც ინფლაციას იწვევს. ამას ემატება აბსოლუტურად უაზრო ხარჯები: შადრევნების გახსნა, მოედნების კეთილმოწყობისა და სხვა გასართობი მიმართულების ხარჯები, რომელიც არანაირ რეალურ პროდუქტს არ ქმნის, მაგრამ იწვევს ინფლაციას.


ანუ ინფლაციის პრობლემა ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის პრობლემა, არამედ მთავრობის არასწორი ხარჯვის დამსახურებაცაა.  არცერთ შემთხვევაში მთავრობამ გზების მშენებლობაზე არ უნდა თქვას უარი, მაგრამ კეთილი ინებოს და უარი თქვას შადრევნებზე. აღარ გვინდა ამდენი შადრევნები, გავიწუწეთ…


ინფლაციის მიზეზებზე ვისაუბრეთ, თუმცა საინტერესოა ამ სიტუაციაში თუ შეეძლო ეროვნულ ბანკს, რომელიც კანონით პასუხისმგებელია ინფლაციის დონესა და იმავე ლარის კურსზე, ისეთი პოლიტიკა გაეტარებინა, რომ უკეთესი შედეგები ყოფილიყო დღეს?


ეროვნული ბანკი დღეს არის ჭრელი პეპელას მდგომარეობაში. გაფრინდება ინფლაცია მოიმატებს და არ გაფრინდება ლარი გაუმყარდება. ანუ ორივე მას დაბრალდება. ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის განმავლობაში რა გააკეთა: შეეცადა, რომ ინფლაცია ისე არ გაქცეოდა და კურსიც იმდენად არ გამყარებულიყო, რომ ქვეყანა დანგრეულიყო.  ანუ 10 თეთრით გამყარდა კურსი და ინფლაცია, რა თქმა უნდა, 10%-ზე მეტი იყო, მაგრამ არა კატასტროფულად მაღალი. სხვა გზა ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა.


მოვიყვან დასაქმების პროგრამის მაგალითს, როცა უმუშევრებს, რომლებიც რეალურად არ დასაქმებულან, სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან უხდიდნენ 150 ლარიან ხელფასს ანუ ამ პერიოდში 22,5 მლნ ლარი გავიდა ბაზარზე დამატებით. ეროვნულმა ბანკმა კი გამოუშვა 48 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები და გაყიდა, რომ ფული ამოეღო. მაგრამ ამ თანხიდან 22,5 მლნ ლარი ხომ აბსოლუტურად უაზრო ფულის ამოღებაზე დაიხარჯა. და რამდენი კიდევ ასეთი გაკეთდა…


ამიტომ ეროვნულ ბანკს მე არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ, მაგრამ არ მომწონს, რომ ჯოხის გადატეხა უნდათ მასზე.  უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ეროვნული ბანკი დაუჯერებდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და მთავრობის ზეწოლას ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არა 1,8-დან 1,7-მდე უნდა ჩამოეყვანა, არამედ 1,5-მდე, მაშინ ამით ინფლაცია კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა, მაგრამ სრულად დაინგრეოდა ჩვენი საექსპორტო პოტენციალი.


ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის ვერ შეძლებს იმას, რომ ისეთი ჰქონდეს გაცვლითი კურსი და ინფლაცია, რომ ორივე სტაბილური იყოს. ამდენად, ვინც არ უნდა ყოფილიყო რომან გოცირიძის ადგილას იმაზე უკეთესად, ვიდრე მან მოახერხა, პრინციპულად შეუძლებელი იქნებოდა.


მაგრამ თუ ვინმეს რამე კონკრეტული შეცდომები აქვს და ამაზე პრეტენზიები გამოითქმევა, ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ და თავიანთი კომპეტენტური აზრი თქვან.


ამჟამად პარლამენტში იხილება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რაც 600 მლნ ლარზე მეტ ზრდას ითვალისწინებს. რამდენად მოახდენს ეს გავლენას ინფლაციის დონეზე?


ამ 600 მლნ-ის გარეშეც ინფლაცია იქნება იმაზე მეტი, ვიდრე არის წელს დაგეგმილი – 6%. ანუ თუ მთავრობამ გააგრძელა იგივე სახარჯო პოლიტიკა, არ შეზღუდა საზოგადოებრივი სამუშაოები, ამ ცვლილების გარეშეც ინფლაცია იქნება მეტი.


ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაღიარეს, როგორც ”ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა”, რაც თავისთავად საამაყოა, მაგრამ რამდენად აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?


რეალურად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვართ ნომერ პირველი რეფორმატორები. დიდი ბოდიში, მაგრამ, როცა ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცული არ არის, როცა ხალხს ართმევენ სასამართლოს გარეშე საკუთრებას, იბარებენ და აწერინებენ ნებაყოფლობით საკუთრების დათმობას, რომელ რეფორმატორობაზე ვსაუბრობს?


მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს სტატუსი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ეხმარება.


საკუთრების უფლებების დაცვა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისათვის. შექმნილმა სიტუაციამ თუ  მოახდინა რაიმე გავლენა ინვესტიციების მოზიდვაზე?


ინვესტიციების შემოსვლას ხელი არ შეეშალა და იცით რატომ? საკუთრების უფლებაში უმთავრესად არის დაუცველი ის, ვისაც უცხოელი პარტნიორი არ ჰყავს ბიზნესში. თუ უცხოელი მესაკუთრეა ის დაცულია იმიტომ, რომ მას ვერ უბედავენ. ამიტომ ზოგიერთმა ქართველმა ბიზნესმენმა ისწავლა ჭკუა, რომ უნდა დაუთმოს თავის წილი უცხოელს და მაშინ გაუჭირდებათ საკუთრების ჩამორთმევა იმიტომ, რომ უცხოელს მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ქართველს, ხმა მიაწვდინოს საზღვარგარეთ. 


 



 

Back to top button